„არ იცით, რომ ჩაწერები ხდებოდა და თუ გარეთ არ გამოდიოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ვინც იყო სიუჟეტში დაფიქსირებული, მისთვის დაედოთ წინ და შანტაჟი გაეწიათ?!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საუბრობს და აცხადებს, რომ არ იზიარებს იმ ადამიანების კრიტიკას, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნას ბევრი ნაკლოვანება ახლდა.
„ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ იმ ნაკლოვანებებზე, რაც რეალურად სახელმწიფოს გააჩნია. ნუ მივიხედებით იმისკენ, რასაც ჰქვია გასული 10 წელი. ეს 10 წელიც მასხრად აიგდეს. გეგონება, იმ 10 წელიწადში არავინ წამებულა, არავის მიმართ ჩაწერა არ მომხდარა. რეალობას შევხედოთ თვალებში. არ იცით, რომ ჩაწერები ხდებოდა და თუ გარეთ არ გამოდიოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ვინც იყო სიუჟეტში დაფიქსირებული, მისთვის დაედოთ წინ და შანტაჟი გაეწიათ?! შანტაჟი ყოვლად ბინძური მეთოდით ხდებოდა, რათა მორჩილებაში ჰყოლოდათ მთელი მასა. არც მინდა დავუშვა, რომ ალბათ, ის ადამიანები, ვინც ძალიან ხმამაღლა გაჰკივიან ამ ტრიბუნიდან, შესაძლოა, თვითონაც არიან ამ შანტაჟის მსხვერპლნი", - განაცხადა ვოლსკიმ.
აქვე ვოლსკი პერსონალური ინსპექტორის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ კანონს ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, მიესალმება.
„კანონში სასჯელი გათანაბრებულია იმ სასჯელთან, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვისაა დაწესებული. ძალიან მძიმეა ეს დანაშაული და ვფიქრობ, მართებულადაა ის სასჯელის ზომა განსაზღვრული, რომელიც ასეთი დანაშაულისთვის არის განკუთვნილი ადამიანისთვის", - განაცხადა ვოლსკიმ.