ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იქნება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. ლადო ჭანტურიას მხარი საპარლამენტო ასამბლეის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
ჭანტურიამ 120 ხმა მიიღო, ლალი ფაფიაშვილმა - 55, ხოლო ოთარ სიჭინავამ - 54.
კენჭისყრის შედეგები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გამოაცხადა.
ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის მოსამართლის თანამდებობაზე ნონა წოწორია შეცვალა. ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას 2018 წლის იანვრიდან, ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.
ამასთან, 4 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია.
ლადო ჭანტურიასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.