ავტორი გიორგი მამაცაშვილი
მოკლედ, მიჰას ანასხლეტთა გასაგონად ვწერ!
ძვირფასო მკითხველო, მოთმინებასაც აქვს და თუ მკითხავთ, უნამუსობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი, მაგრამ ჩვენს რეალობაში ძაღლების ნაცვლად კატები ყეფენ და რა გინდა, რომ ქნა?!...
ბევრი ჩემი კოლეგისა არ იყოს, ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებს და ხშირად - „დუმილი ოქროაო“, თავს ვიმშვიდებთ და ვდუმვართ. და უფრო ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო!
ახლაც ასეა!
როგორც მუხრანი იტყოდა - დუმილი რეკავს!
დღეს, ვისაც არ ეზარება და ვინც დედას დაეკარგა, ყველა გაილექსა - არიქა, ბიძინა ივანიშვილმა 1 ლარად იყიდა თბილისის გულიო... აფერუმ თქვენ, ქართველი საზოგადოების უმადურო და ბრმა ნაწილო! დიახ, „უმადურო და ბრმა“, რადგან, ხედავთ და ამის აღიარებაც კი გიჭირთ, თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის საქართველოს ყოფილ პრემიერს... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ჩამოთვლის გარეშე სამ მილიარდ დოლარს რომ უტოლდება მის მიერ გაწეული ქველმოქმედების სია, მართლა ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო!
ძველ ღვაწლსაც თავი დავანებოთ და მხოლოდ თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ ვისაუბროთ...
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სოციალურ მედიაში ავრცელებს ვიდეორგოლს, სახელით „გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ".
„პუშკინის სკვერში შენდება 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის ჯამური ინვესტიცია 100 000 000 დოლარია. იქ არსებული და მოუწესრიგებელი ავტოსადგომის ნაცვლად კეთდება მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ინვესტიციის მოცულობაა 1 000 000 ლარია. ეწყობა მიწისზედა ავტოსადგომიც და ჯამში ვიღებთ მინიმუმ 160 ერთეულ ავტოსადგომს.
თაბორის მთაზე არსებულ 400 ათას კვადრატული მეტრზე ვრცელდება ინფორმაციები თითქოს 1 ლარად გადაეცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, რაც სრული აბსურდია. სინამდვილეში ეს ტერიტორია აუქციონზე, საბაზრო ღირებულებით არის შეძენილი და მასში თანხობრივად ათეულობით მილიონი დოლარის საინვესტიციო ვალდებულებები დევს. ასევე ტყუილია ის თითქოს თაბორის მთა მიბმულია ბოტანიკურ ბაღს. თაბორის პროექტი ბოტანიკური ბაღისგან გამიჯნულია 50 მეტრის სიმაღლის კლდით.
თაბორის მთაზე არსებული მიწის ფართობი ამჟამად გახრიოკებულ და სავალალო მდგომარეობაშია და მისი კეთილმოწყობის შემდეგ გამწვანდება და რეკრეაციულ-დასასვენებელ სივრცედ მოეწყობა, რომელიც მოიცავს როგორც ველობილიკებს, ასევე ჩოგბურთისა და სპორტულ მოედნებს, ხელოვნურ ტბას, სასეირნო და სარბენ ბილიკებს და კიდევ უამრავ გასართობ საშუალებებს იქ ასული დამსვენებლებისთვის. ტერიტორიაზე გაკეთდება სადრენაჟო და საირიგაციო სისტემები, რომელთა ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობების მშენებლობაც, რომელიც ბოტანიკური ბაღის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. “ - ეს იმის მოკლე ანოტაციაა, რაც თაბორის რეკრეაციულ პროექტად იწოდება.
მოკლედ, მიჰას ანასხლეტთა გასაგონად ვწერ: ერთ ლარად შეძენილი ქონების გამო დუჟმორეულები დარბიხართ და ამავე პროექტებში ჩადებული ათეულობით მილიონი ლარის დანახვა თვალებს გჭრით და მეტიც - ამის აღიარებაც საკუთარ სისუსტედ მიგაჩნიათ!
რას ვიზამთ, ვისაც ობიექტურობის შეგრძნება შეგვრჩენია და შექმნილის დანახვაც შეგვიძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით, ბატონებო და თქვენივე აქციებზე გაშლილი თუ დაკეცილი ქოლგები თქვენთვისვე გამოიზოგეთ!
აქვე, ის ზონდერბრიგადებიც არ დაგავიწყდეთ, 7 ნოემბერსა და 26 მაისს სისხლის გუბეებს რომ აყენებდნენ თბილისის ქუჩებში და მინიმუმ, შეგრცხვეთ, დღეს თითო მოღუტუნებაზეც რომ კივიხართ!
ერთიცაა: მესიჯბოქსები შეცვალეთ, ბატონებო!
წესით, აქციის დარბევაზე ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეთ და თუ მაინცდამაინც, გლდანის ეკლესიის დარბევით დაიწყეთ საუბარი, გიგას, გიორგის, ზურას, ვანოს და მიშას ერთობლივი გადაწყვეტილებით რომ მოაწყეთ სისხლის კალო თქვენი ზეობის პირველსავე წლებში!
ნურც რომელიმე ან, გნებავთ კოლექტიური „კოტიკოს“ „გატაცებაზე“ დაგცდებათ სიტყვა. გატაცება გირგვლიანისა იყო, თუ იყო და კი გახსოვთ ეგეც გველის ნაკბენივით!
ნურც ჟურნალისტების შევიწროვებაზე დაიღლით ენებს!
ჟურნალისტების წამება და ცემა 26 მაისს უნდა გენახათ თქვენ... სიმართლე რომ ვთქვათ, კარგადაც ხედავდით, მაგრამ თქვენს წილ პასუხისმგებლობაზე რომ აღარ ვთქვათ არაფერი, მაშინ დუმილი თქვენთვის იყო ოქრო. დიახ, მეც იმ ნაწამებ(!) ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი ვარ და ვიდრე კიდევ რამე სისულელეს იტყოდეთ, პირი გამოირეცხეთ!
ნაცებო და ზონდერთაყვანისმცემლებო!
ნაცებო და ნაცთა ანასხლეტნო!
სხვათაშორის, აგვისტოს ომის პირველსავე დღეებში, როდესაც თქვენი აწ უკვე გაქცეული მთავარსარდალი გორის მიწას ცხვირით თხრიდა, მის ღრმად პატივცემულ დედას სწორედ ერთ ლარად გადაუფორმდა თბილისის ცენტრში საკმაოდ დიდი მოცულობის მიწა!
რატომღაც არ მახსენდება თქვენი პროტესტი მიჰას ღრმად პატივცემული დედისთვის გიული ალასანიასთვის ერთ ლარად გადაცემული მიწების გამო!
დიახ, არ მახსოვს არც პროტესტი და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც ამ ქალბატონის მიერ მსგავს პროექტებში ჩადებული თუნდაც ერთი ლარი (მილიონობით ლარზე არც ვამბობ აღარაფერს!)!
არადა, აქ მხოლოდ მიჰას დედაზე ვწერ, თორემ ლარიანი ქონებით გამდიდრებულ მიჰას მყვარებლებზე რომ გამექცეს კალამი, მართლა შორს წავალ...
„ძაღლი შინ არ ვარგოდაო“ და იმ გარეთ გაქცეულს მთლად პოლიტიკურ სანაგვეზეც ნუ ჩაყვებით... არადა, თავის გატეხვა ნამდვილად ჯობდა თქვენს დღევანდელ ყოფას... თქვენი გატეხილი სახელიც იმ დუჟმორეულ გიჟს გაჰყვა უკრაინის მადლიან მიწაზე!