რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სახელმწიფო დუმაში, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის" შეთანხმება „სახელმწიფო საზღვრის შესახებ" რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.
„ერთობლივ სამუშაოში დავეფუძნეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვარს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა. დოკუმენტის რატიფიცირება საშუალებას მისცემს რუსეთს, დაიწყოს სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.