logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ძალიან ხმაურიან პროცესს გპირდებით, რომლის შედეგადაც უამრავი რამ გახდება ცნობილი...
- +

11 ოქტომბერი. 2017. 15:13

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. პირველი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაიმართა.

 

როგორც გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო პროცესი ხვალ, 12 ოქტომბერს გაიმართება.

 

„მინდა, მოგახსენოთ, რომ როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც დაკავშირებულია იმ ბინძურ რეჟიმთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო გამეფებული, როცა ყველაფერი აწყობილი იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე, არაერთ მცდელობაზე, რომ აერიათ ხალხის გონება, ისევეა ეს საჩივარი, რომელიც შეტანილი აქვს კაპიტან გიგაურს ჩემს წინააღმდეგ.

 

ის აღშფოთებულია ჩემი განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის რიგგარეშე წოდება, ჩემი ვარაუდით, 7 ნოემბრის აქციაში თანამონაწილეობის გამო მიიღო“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

გოგა ხაინდრავამ წარმოადგინა ბრძანება, რომელიც ასახავს ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას და აქვე აღნიშნა, რომ საქმის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, აღარ არსებობს.

 

„ქალბატონი, რომელიც გამოიზარდა ვანო მერაბიშვილის უწყებაში და არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახე, სიცრუეზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით, დღეს ის მოვლენილია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. მორალს უკითხავს ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა იყოს ცხოვრება აწყობილი. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც უამრავ სხვა ადამიანებთან ერთად 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ გადახტნენ არასამთავრობო სექტორში. ისინი არიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რადგან თანამონაწილეები იყვნენ ყველა იმ დანაშაულების, რასაც სჩადიოდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი.

 

მოვუწოდებ კაპიტან გიგაურს - არანაირი სასამართლო ამას არ სჭირდება, გამობრძანდით და აუხსენით საზოგადოებას, რიგგარეშე რატომ მოგანიჭეს კაპიტნის წოდება, რა დამსახურებისთვის, რა გააკეთეთ ასეთი, რომ ბატონმა მერაბიშვილმა გამოგყოთ თქვენ?!

 

ეკა გიგაური იმალება, არც სასამართლოზე არ მოდის. საჩივარი თავად შეიტანა და საჯაროდ მოითხოვა ჩემგან ბოდიში... ბოდიშს კი არ მიიღებს, დავანგრევ მგლების ბუდეს, რომლებიც ცხვრების ქურქში არიან გადაცმულები და არასამთავრობო სექტორიდან ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან. ეს აღარ არის ჩემთვის სამოქალაქო პროცესი, ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას დაანახვებს იმ კრიმინალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შსს-ში, სახელმწიფო სტრუქტურებში და დღეს გრძელდება არასამთავრობო სექტორში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დავადგენ უკანასკნელ ცნობას იმ თაღლითობის და დანაშაულების შესახებ. მე ვპირდები ამას არამარტო კაპიტან გიგაურს, არამედ უტიაშვილს, რურუას, შაშკინს, ყველას, ვინც ამოეფარა არასამთავრობო სექტორს და დღეს ცდილობენ, ქართველი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

 

ძალიან საინტერესო და ხმაურიან პროცესს გპირდებით, რომლის შედეგადაც უამრავი რამ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner