logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურამ ი.ხ.-ს მიმართ შესაძლო წამების ფაქტზე წარმოებულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
- +

11 ოქტომბერი. 2017. 19:25



მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში შეწყდა გამოძიება  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ მოქალაქე ი.ხ.-ს შესაძლო წამების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.


გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მოქალაქე ი.ხ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, რომლის მიხედვითაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში, მოწმის სახით გამოკითხვისას, იგი გახდა  პოლიციელთა მხრიდან წამების მსხვერპლი, აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას, რის გამოც სისტემატიურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. სახალხო დამცველის მომართვაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ი.ხ. - მ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური ზეწოლის შედეგად რამდენჯერმე დაკარგა გონება.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში წარმოებდა თაღლითობისა და ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, რომელშიც იმხილებოდა ი.ხ.-ს მეგობარი ზ.ჯ. 2017 წლის 16 თებერვალს მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ი.ხ. რა დროსაც, მის მიერ მოხდა  ზ.ჯ.-ს მამხილებელი ჩვენების მიცემა. კერძოდ, ი.ხ.-მ  ზ.ჯ.  რამდენიმე ეპიზოდში თაღლითობის ჩადენაში ამხილა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება კიდევ ორ სხვა საქმეზე. გამოკითხვის დაწყებამდე ი.ხ.-ს სრულად განემარტა მოწმის უფლება-მოვალეობები, რაც დასტურდება გამოკითხვის ოქმის შესაბამის გრაფაზე მისი ხელმოწერით, მათ შორის სასამართლოში ჩვენების მიცემის შესაძლებლობის შესახებ, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა,  თუმცა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ი.ხ.- მ იკითხა, რომ მის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ხომ არ იქნებოდა დარბაზში მისი მეგობარი ზ.ჯ, რაზეც გამომძიებლის მიერ განემარტა, რომ იქნებოდა. ამის შემდეგ ი.ხ. - მ მის მიერ მიცემული ჩვენების ამსახველი ოქმის დახევა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ ზ.ჯ.  მისი მეგობარი იყო და სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემდა, ამავდროულად მას შესაძლოა იმ უბანში სადაც ის და ზ.ჯ. ცხოვრობდნენ შექმნოდა პრობლემა. აღნიშნულ საკითხზე პოლიციელთა მხრიდან განემარტა, რომ ოქმი ხელმოწერილი იყო, წარმოადგენდა მტკიცებულებას და მისი განადგურება ვერ მოხდებოდა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა დანაშაულს.


ხსენებული საუბრის შემდეგ ი.ხ.-ს პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი პირები გაესაუბრნენ, რომელთაც განუმარტეს, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და ზ.ჯ.-ს მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.


საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ი.ხ.-მ მოცემულ საქმეზე პირველი გამოკითხვისას და ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებით საერთოდ უარყო მის მიერ, ზ.ჯ.-ს მამხილებელი ჩვენების მიცემის ფაქტი, თუმცა მას შემდეგ რაც განხორციელდა ზ.ჯ.-ს ბრალდების საქმის გამოთხოვა და მეორე დაკითხვისას ი.ხ.-ს წარედგინა ზემოხსენებული ინფორმაციის შემცველი გამოკითხვის ოქმი, ი.ხ.-მ დაადასტურა, რომ  გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა და დათქმა, რომ ინფორმაცია სწორად არის ასახული, შესრულებულია მის მიერ.


ასევე მოცემულ საქმეზე დაიკითხა ზ.ჯ.-ს ბრალდების საქმეზე დაზარალებული პირი გ.ქ. და მისი ნათესავი, რომლებიც ი.ხ.-ს გამოკითხვის დროს იმყოფებოდნენ იმავე განყოფილების ფოიეში, საიდანაც ნათლად ხედავდნენ ი.ხ.-ს გამოკითხვის პროცესს. მათი ჩვენებით დგინდება, რომ ი.ხ.-ს მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.


გამოიკითხა თავად ზ.ჯ. და მისი მეგობარი გოგონა, რომელთაც დაკითხვისას განმარტეს, რომ ზ.ჯ. და ი.ხ. ბავშვობიდან მეგობრობდნენ, თუმცა ამჟამად ურთიერთობა აღარ აქვთ, ვინაიდან მოუვიდათ უთანხმოება. კერძოდ, ი.ხ., მას შემდეგ რაც ზ.ჯ. ჯერ საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო შემდეგ მოხდა მისი დაკავება, სისტემატურად უკავშირდებოდა დაკავებულის შეყვარებულს, ხოლო კაფეში შეხვედრისას მასზე ისაუბრა  უარყოფით კონტექსტში. ბრალდებული ზ.ჯ.-ს შეყვარებულის განმარტებით, ი.ხ. - ს მხრიდან მისდამი დამოკიდებულება გასცდა მეგობრულ ჩარჩოს და აშკარად გამოხატავდა სიმპათიას. ზ.ჯ. - მ და მისმა შეყვარებულმა განმარტეს, რომ ი.ხ.-ს მათთვის სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამს.


მოცემულ საქმეზე ი.ხ.-ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არაერთხელ მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რა დროსაც ეჭვი გამოთქვეს დაზარალებული გ.ქ.-ს ჩვენების ნამდვილობაზე და მოითხოვეს მისი ტელეფონის ნომერზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი ტელეფონის (სოციალური ქსელის და კომუნიკაციის სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების) დათვალიერება, რაც დაკმაყოფილდა გამოძიების მიერ, თუმცა ზემოხსენებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რაიმე სახის ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული, რომელიც გ.ქ.-ს ჩვენებას ეჭვქვეშ დააყენებდა.


ასევე ჩატარდა ი.ხ.-ს მიერ პოლიციელთა ამოცნობა, რომლებმაც მისი თქმით, მიაყენეს შეურაცხყოფა, ი.ხ.-მ მიუთითა იმ პირების შესახებ, რომლებიც საკუთარ ჩვენებებში ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მათ ი.ხ.-სთან ჰქონდათ კონტაქტი და არწმუნებდნენ, რომ ზ.ჯ. მას მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო პრობლემებს ვერ შეუქმნიდა. შესაბამისად ის ფაქტი, რომ ი.ხ. იცნობდა სახეზე აღნიშნულ პირებს, ისედაც დასტურდება საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვით ამ პოლიციელების ჩვენებებით.


გამოძიების მიერ გამოთხოვილ იქნა, როგორც პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები, ასევე განყოფილების გარშემო მდებარე შენობებზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა ანალიზის შედეგად არ დადგინდა 2017 წლის 16 თებერვალს საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში ი.ხ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.


მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ ი.ხ.-ს გამოკითხვის პროცესში დაზარალებულ გ.ქ.-ს გამომძიებლის მიერ  საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით  ამოსაცნობად წარედგინა ი.ხ., რის გამოც პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა წარდგინება გამომძიებლის მიმართ შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე და შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.


საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი.ხ.-ს მიმართ პოლიციელთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner