ავტორი მარიამ პაიჭაძე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. პირველი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაიმართა.
როგორც გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, მომდევნო პროცესი ხვალ, 12 ოქტომბერს გაიმართება და საქმის დეტალებზე ისაუბრა:
- მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ შედგება სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში, სადაც კაპიტანი გიგაური მიჩივის იმის გამო, რომ თურმე ჩემი განცხადებებით მას პატივი და ღირსება ავყარე.
მინდა, მოგახსენოთ, რომ როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც დაკავშირებულია იმ ბინძურ რეჟიმთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო გამეფებული, როცა ყველაფერი აწყობილი იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე, მცდელობაზე, რომ აერიათ ხალხის გონება, ისევეა ეს საჩივარი, რომელიც შეტანილი აქვს კაპიტან გიგაურს ჩემს წინააღმდეგ.
ის აღშფოთებულია ჩემი განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის რიგგარეშე წოდება, ჩემი ვარაუდით, 7 ნოემბრის აქციაში თანამონაწილეობის გამო მიიღო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაგვაჩნია. (იხ. ფოტო 1)
ფოტო 1.
როგორც აღმოჩნდა, ყველა საბუთი, რომელიც დაკავშირებულია ამ ბრძანებასთან, განადგურებულია. არანაირი საბუთი, თუ რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება, შსს-სა და სასაზღვრო პოლიციაში აღარ არსებობს.
ხელთ მაქვს ბრძანება N554, რომლითაც ბადრი ბიწაძე პრემიებით აჯილდოებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს (იხ. ფოტო 2, 3).
წინა პროცესზე, კაპიტან გიგაურის ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს პრემიები გაცემული იყო ბარისახოს სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლებზე და არაფერ კავშირში არ იყო იმ ადამიანებთან, ვინც 7 ნოემბრის დარბევაში მიიღო მონაწილეობა. ეს ბრძანება ადასტურებს, რომ ეს არის ისეთივე სიცრუე, როგორიც არის სიცრუე, რომ ეს დაჯილდოება ეხება მხოლოდ ბარისახოს მე-6 სამმართველოს მოსამსახურეების. ეს არის სულ სხვა სია (ფოტო 4).
- რა ინტერესი ამოძრავებს ეკა გიგაურს?
- ქალბატონი, რომელიც გამოიზარდა ვანო მერაბიშვილის უწყებაში და არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახე, სიცრუეზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით, დღეს ის მოვლენილია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. მორალს უკითხავს ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა იყოს ცხოვრება აწყობილი. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც უამრავ სხვა ადამიანებთან ერთად 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ გადახტნენ არასამთავრობო სექტორში. ისინი არიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რადგან თანამონაწილეები იყვნენ ყველა იმ დანაშაულების, რასაც სჩადიოდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი. შევეცდები, ეს პროცესი გამოვიყენო იმისთვის, რომ დავადასტურო, რომ 31 არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შექმნეს, გადაბარგდნენ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი დების და ძმების სისხლში ხელებგასვრილი ადამიანები - ონიანი, რურუა, შაშკინი, გიგაური და ა.შ. და იქიდან გვიკითხავენ მორალს და გვასწავლიან, როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა საზოგადოებამ. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს იქნება ბოლო პროცესი, რომელიც ბოლოს მოუღებს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ამოფარებული ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს.
- რატომ ფიქრობთ ასე? რის საფუძველზე?
- ისინი, ყველანი ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან. ქალბატონი გიგაურის ორგანიზაციამ ამ წლების განმავლობაში 15 მილიონ დოლარამდე დაფინანსება მიიღო უცხოეთიდან. მაინტერესებს, ამისთანა რა კვლევებს აკეთებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომ ამხელა თანხები იხარჯება მათი შენახვისთვის და იმ საქმიანობის ორგანიზებისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან. ჩემი ღრმა რწმენით, ესენი არიან გავლენის აგენტები ჩვენს ქვეყანაში. არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან, არამედ იმიტომ, რომ საქართველო მდებარეობს ძალიან სერიოზულ რეგიონში, რომლითაც დაინტერესებულია მსოფლიო პოლიტიკის ყველა ვექტორი. ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებსაც, ჩვენს მტრებსაც, მოწინააღმდეგეებსაც, მეზობლებსაც ჰყავთ თავისი გავლენების დასაყრდენი, თავისი ინტერესების გასატარებლად. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ძირითადად, ზუსტად მაგას ემსახურებიან. ისევე, როგორც, ჩემი რწმენით, მაგას ემსახურება ქალბატონი გიგაური. ამ პროცესს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს არა მარტო დავადასტურო, არამედ ყველა სიტყვის უკან, რომელსაც ვლაპარაკობ, იქნება კონკრეტული საბუთი, რომელითაც დადასტურება, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ.
- რას უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ დოკუმენტები, რომელთა მოძიებაც თქვენ სცადეთ, არ არსებობს?
- ეს არის მერაბიშვილის და სააკაშვილის ხელწერა, როდესაც ისინი კვალს ანადგურებენ. ზუსტად ისეთივე პროცესია ზურაბ ჟვანიას გამოძიებაში, როდესაც გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზურაბ ჟვანია არ გარდაცვლილა იმ გარემოებაში, არ მოწამლულა გაზით და მისი გარდაცვალება არ დამდგარა იმ ბინაში, სადაც იყო დაფიქსირებული, მაგრამ იმის იქით გამოძიება ვერ მიდის, რადგან ვერ დგინდება, სად განხორციელდა მისი მკვლელობა და როგორ მოხვდა ის იმ ბინაში. იმიტომ, რომ კვალი გააქრეს. ამას აკეთებდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, შაშკინი და მისნაირები, რომლებიც ყველა ჩადენილი დანაშაულის კვალს სპობდნენ.
ქალბატონმა გიგაურმა მშვენივრად იცოდა, რომ არანაირი დამადასტურებელი საბუთები, თუ რატომ იყო ის დაჯილდოებული რიგგარეშე წოდებით, არ არსებობს.
მოვუწოდებ კაპიტან გიგაურს - არანაირი სასამართლო ამას არ სჭირდება, გამობრძანდით და აუხსენით საზოგადოებას, რიგგარეშედ რატომ მოგანიჭეს კაპიტნის წოდება, რა დამსახურებისთვის, რა გააკეთეთ ასეთი, რომ ბატონმა მერაბიშვილმა გამოგყოთ თქვენ?!
ასევე, მოვითხოვ, ხვალინდელ პროცესზე იქნას მოწვეული გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას და რომელმაც მშვენივრად იცის, რატომ მიიღეს ჯილდოები.
ეკა გიგაური იმალება, არც სასამართლოზე არ მოდის. საჩივარი თავად შეიტანა და საჯაროდ მოითხოვა ჩემგან ბოდიში... ბოდიშს კი არ მიიღებს, დავანგრევ მგლების ბუდეს, რომლებიც ცხვრების ქურქში არიან გადაცმულები და არასამთავრობო სექტორიდან ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან. დიახ! მათ გასაგონად ვამბობ: დაგინგრევთ მგლების ბუდეს! ეს აღარ არის ჩემთვის სამოქალაქო პროცესი, ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს იმ კრიმინალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შსს-ში, სახელმწიფო სტრუქტურებში და დღეს გრძელდება არასამთავრობო სექტორში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დავადგენ უკანასკნელ ცნობას იმ თაღლითობის და დანაშაულების შესახებ. მე ვპირდები ამას არამარტო კაპიტან გიგაურს, არამედ უტიაშვილს, რურუას, შაშკინს, ყველას, ვინც ამოეფარა არასამთავრობო სექტორს და დღეს ცდილობენ, ქართველი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ისედაც კარგად იცის საზოგადოებამ, ისინი რას წარმოადგენენ. ევროპის სხვადასხვა სტრუქტურაში გაუთავებლად მიდის პეტიციები და ცილისწამებები საქართველოს წინააღმდეგ...
- რას გულისხმობთ, ბატონო გოგა?
- სტრასბურგის სასამართლომ მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია და მინდა, საქართველოსაც და ლადოსაც მივულოცო ეს ამბავი, რადგან ის არის ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად წარადგენს საქართველოს. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სტრასბურგში გამართულ გასაუბრებაზე მას ეკითხებოდნენ იმ წერილებზე, რომელიც მიდიოდა ამ ცხვრის ქურქში გახვეული მგლებისგან. ეს არის თავიდან ბოლომდე ცილისწამება, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რასაც გიგაური ემსახურება. ქალბატონი გიგაური ასრულებს მიზანმიმართულ დავალებებს და მას ამ დავალებებში უდიდეს ფულს უხდიან. 15 მილიონ დოლარამდე დახარჯეს გაურკვეველ კვლევებზე ამ წლების განმავლობაში. მაგრამ მე მშვენივრად ვიცი, რისთვის იხარჯება ეს ფული. ჩემთვის ეს ისტორია დაიწყო კარლ ბილდტით, მსოფლიო მასშტაბის კორუფციონერით. კარლ ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 14-ჯერ იყო ჩამოსული. ამდენჯერ ყველაზე მეგობრული ქვეყნის წარმომადგენელი არ ყოფილა ჩამოსული. რას თანამშრომლობდნენ ასეთს შვედეთი და საქართველო, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 14-ჯერ ჩამოსვლა გახდა საჭირო, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური კორუფცია. დღესაც გრძელდება ეს, უბრალოდ სხვა ფორმებით. როგორ ფიქრობთ, რატომ იხარჯება ამხელა თანხები არასამთავრობო სექტორზე?! ეს არის ბრძოლა გავლენებზე, რომელიც მიდის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყნის ფული და ინტერესები მონაწილეობს და ამაში გასაკვირი არაფერია. მშვენივრად მესმის, რატომ უნდათ ჩვენს მეზობლებს, რომ საქართველოში გავლენის სფეროები ჰქონდეთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ამაში რატომ მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეები, რა ამოძრავებთ და ვის ინტერესებს ემსახურებიან - ამას ყველაფერს ხვალინდელ სასამართლოზე დავადგენთ, ამის პირობას გაძლევთ!
პირობას ვაძლევ კაპიტან გიგაურს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამობრძანდით და მოახსენეთ საქართველოს, რაში მიიღეთ ვანო მერაბიშვილისგან ჯილდო, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე კაპიტნის წოდებას.
- წინა პროცესზე, ადვოკატზე უარი განაცხადეთ, ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?
- ადვოკატი მე არ მჭირდება. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი იქნება ჩემი საზოგადოებრივი წარმომადგენელი ამ პროცესზე. ვფიქრობ, რომ წლების მანძილზე, რაც ის ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა, მის მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის შეჰპარვია. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ ტიპის პროცესებში მონაწილეობის და ძალიან სკრუპულოზურად აქვს ყველა საკითხი განხილული. უბრალოდ, არის რაღაც იურიდიული საკითხები, რომელიც არ მესმის და ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილის - გურამ ადამაშვილის, რომელსაც ასევე უჩივის ეკა გიგაური, ადვოკატს ვთხოვე შუამდგომლობების შედგენაში დახმარება. ძალიან საინტერესო და ხმაურიან პროცესს გპირდებით, რომლის შედეგადაც უამრავი რამ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
ფოტო 2.
ფოტო 3.
ფოტო 4.