ავტორი ნიკა მუმლაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი „რეპორტიორთან" საუბარში საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შოთა ხაბარელის თქმით „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას საქციელი უპასუხისმგებლო და არაეთიკური იყო.
„რაც ქალბატონმა თინამ ჩაიდინა, იყო უპასუხისმგებლო და არაეთიკური მოქმედება, როგორც პარლამენტის წევრის და ქალბატონის მხრიდან. ეს ნებისმიერი ქართველისთვის და საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის მიუღებელია. რაც შეეხება დანარჩენს, იქ რაც ხდებოდა ეს არის პოპულიზმი. ყველამ ძალიან კარგად იცით რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება თბილისში, რაც არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თბილსისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. აი, ნახავთ, რამდენიმე ადამიანის პატარა ჯგუფები შეეცდებიან, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა ასწიონ. მათ იციან, რომ ყველაფერი დამთავრებულია, რეიტინგი დიდი აქვს ჩვენს მერობის კანდიდატს და „ქართულ ოცნებას", აქედან გამომდინარე, მეტი გზა არ დარჩენიათ გადავიდნენ ჩხუბზე, კისერზე და მხრებზე სირბილით ქალები. ვფიქრობ, საკრებულომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავიდან აიცილა არეულობა", - აცხადებს შოთა ხაბარელი.
აქვე, შოთა ხაბარელი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აპატიმრებდნენ.
„ეს უკვე სასაცილოა, ხოცავდნენ და კლავდნენ, მიჰყავდათ ჩუმად და ზღვაში ახრჩობდნენ. როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედება შეადაროთ „ქართული ოცნების" მართლა ამ გამჭვირვალე და ყველანაირად ჩამოყალიბებულ ქცევას", - განაცხადა ხაბარელმა.