რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი", რომელიც „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.
საწარმოს შექმნა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.
კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.
საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP-ის დანერგვას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 131 საწარმო.
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის" ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს", რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.