12 ოქტომბერს, 14 :00 საათზე, აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის" გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვებიან ფესტივალ „საჩუქარის", კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფესტივალის პროგრამა, რომელიც წელსაც გამოირჩევა მრავალფეროვნებით. 15 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში თბილისელ მაყურებელს საშუალება ექნება, დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, იაპონიიდან, ფინეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება საშა ვალცის, კალე ნიოს, კომპანიის „სანკაი ჯუკუ" საუკეთესო დადგმები.