logo_geo
eng_logo
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს
- +

15 აპრილი. 2016. 15:53

 

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით (87 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი) „სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მიიღო, რომელიც პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ეკუთვნის. 



პროექტი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე სასჯელის გაზრდას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს. 

„სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით კოდექსის 157-ე მუხლიდან პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის გამიჯვნა ხდება.

პროექტის მიხედვით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელისწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე. 

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას - თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე. 

ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით. 

აღნიშნული პროექტის კენჭისყრაზე გატანას დებატები და უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები უძღვოდა წინ. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner