„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო გარემოს ცვლილებებზე არ წამოვა, 200 კაცი დაიწყებს შიმშილობას და მანამ არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება არ გადადგება. „ალიასთან" საუბრისას ინაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს საშუალება, წავიდეს ცვლილებზე, შექმნას მართლაც დემოკრატიული გარემო.
„ამ პროცესში ჩვენ შემოგვიერთდება სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, ანუ შეიქმნება მთელი ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომელიც ამ პროცესს მხარს დაუჭერს, მასში ჩაერთვება და ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას, წამოვა თუ არა ცვლილებებზე.
16 აპრილამდე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით და სამოქმედო გეგმას წარმოვადგენთ, მათ შორის საუბარი იქნება პროტესტის ფორმებზე, ჩატარების რიცხვზე და შიმშილობის აქციის ფორმაზეც. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე 100 კაცი შიმშილობდა სახელმწიფო კანცელარიის წინ, ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი და ხელისუფლებასაც არ ჰქონდა რეაქცია.
ხელისუფლებას აქვს საშუალება, წამოვიდეს ცვლილებზე, შექმნას მართლაც დემოკრატიული გარემო და აღარ იქნება საჭირო არც პროტესტი, არც ძალისხმევის დახარჯვა ამ საპროტესტო აქციებზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაანალიზებს ვითარებას და ამ ცვლილებებზე წამოვა", - განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსმა" ცვლილებების პაკეტი პარლამენტში წარადგინა, ასევე, წარუდგინეს პრემიერ-მინისტრს და ითხოვდნენ სამ რამეს:
„ვართ კვალიფიციური პარტია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენ წევრი არ გვყავს, რაც, ვფიქრობთ, დისკრიმინაციული ვითარებაა იმ დროს, როცა სხვა კვალიფიციურ პარტიებს ჰყავთ წევრი და ჩვენ - არა; ასევე საარჩევნო ნომერი 8, რომლითაც ჩვენ არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, შეგვინარჩუნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; ასევე, ვითხოვთ, გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ეს საარჩევნო პროცესში უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი ქმედება.