ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური კოორდინატორი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პროცესის წარმატებულ დასრულებას ელოდება.
„ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, რადგან საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დადებით შედეგებს მიაღწია. საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროკომისიასთან. რაიმე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოკლე დროში გადავჭრით ამ პრობლემებს", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა კოორდინატორმა, მონიკა ჰოლმაიერმა, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება.
ქ. სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.