logo_geo
eng_logo
გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის რეადმისია განახორციელა
- +

15 აპრილი. 2016. 17:04


დღეს გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ.



ავიარეისის დაგეგმვა და კოორდინაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტო „ფრონტექსის" ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.


გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე იყო 2 240 პირი. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა.



გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი, დოქტორი თომას დე მეზიერი აცხადებს:



დღევანდელი ღონისძიება ცალსახა გზავნილი უნდა იყოს: ისინი, ვინც ჩვენთან დაცვას არ საჭიროებენ, პროცესის დასრულების შემდგომ, გერმანია სწრაფად უნდა დატოვონ. თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, აღსრულდება გაძევების გზით. ეს არის იმ პირთა ინტერესში, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას და, აგრეთვე, მათივე ქვეყნების ინტერესში. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებიც დაცვას არ საჭიროებენ".



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს:



საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო რეადმისიის შეთანხმების ეფექტური შესრულებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განაცხადების 93%-ზე მეტი საქართველოს მხრიდან კმაყოფილდება, ხოლო გერმანიასთან - თითქმის 100% -იანი მაჩვენებელი გვაქვს.



დარწმუნებული ვარ, ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.



ამ შემთხვევაში, საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირში არსებულთავშესაფრის" მაძიებელთა საკითხის განხილვის გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, დარჩნენ ქვეყანაში და მოცემული დრო არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენონ.



საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უფრო ფართოვდება და ღრმავდება, რაც კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენს ერთობლივ ბრძოლას კიდევ უფრო შედეგიანს ხდის. ჩვენს სახელმწიფოებს ყველა ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ეფექტურად დავუპირისპირდეთ დანაშაულს და ისეთ გლობალურ გამოწვევას, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია".



გერმანიიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართულებით, განსაკუთრებით, დასავლეთ-ბალკანეთის ქვეყნებში, ამჟამად კვირაში ორი-სამი ჩარტერული რეისი სრულდება. გასულ წელს გერმანიამ ჯამში 20888 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის დეპორტი განახორციელა, მათგან - 19712 საჰაერო გზით. წინა წელთან შედარებით, 2015 წელს ეს რიცხვი გაორმაგდა. ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, წელს, თებერვლის თვის ჩათვლით, 4316 უცხოელი საკუთარ სამშობლოში იქნა რეადმისირებული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner