logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს არის წმინდა პოლიტიკური აფიორა!
- +

13 ოქტომბერი. 2017. 17:37



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" ინტერვიუში საკრებულოს წინ 10 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


- როგორ შეაფასებთ თბილისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და 10 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას?


- სახეზე გვაქვს საინვესტიციო პროგრამა, რომელიც დაახლოებით 1800-1900 კვ. მეტრზე ითვალისწინებს მილიონზე მეტი ფინანსური რესურსის დახარჯვას და ავტოსადგომის მოწყობას. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის თანაინვესტირების ფონდის საკუთრება და ავტოსადგომი, რომელიც იქ შენდება, მხოლოდ სასტუმროს მოემსახურება. რეალურად, ეს ასე არ არის. კეთდება საკმაოდ მოცულობით ინვესტიცია, თანაც ეს ინვესტიცია არის ძალიან მიზერული ნაწილი, რაც გააჩნია თანაინვესტირების ფონდს, დაახლოებით 700 მლნ დოლარის რვა პროექტი ხორციელდება.


მეორე არის თაბორის მთა, რომელიც საზოგადოებას ისე წარმოუჩინეს, რომ ეს არის თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი თანაავტორის ბიძინა ივანიშვილის ეზოს ნაწილი, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია. თუ რაიმე ინვესტიცია კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ ქალაქს უფრო უკეთესი რესურსი ჰქონდეს დასვენებისთვისა და ავტოპარკისათვის.


ვისურვებდი, რომ კიდევ გამოჩნდეს ბევრი ასეთი ინვესტორი, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ვინც განახორციელებს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. საკრებულოსთან შეკრებილი 100 ადამიანიდან, ვინც საკრებულოს გონიერ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, არ მგონია, რომელიმეს სათათბირო უფლების გამოყენებისთვის უნდოდა სხდომაზე შესვლა. ვფიქრობ, არც ის სჯერა არავის, რომ თაბორის მთაზე განსახორციელებელი პროექტი ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაა. ეს არის წმინდა პოლიტიკური აფიორა, რასაც მიმართავს ასეთ სიტუაციაში გამოცდილი პოლიტიკური ჯგუფი, რათა არჩევნების წინ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.


- თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი იყო საკრებულოს გადაწყვეტილება, სხდომაზე დაეშვა მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია?


- საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება, სხდომაზე არ დაეშვა გარეშე პირები. საკრებულო დამოუკიდებელი ორგანოა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს.


როცა ბიუროზე გიგა ბოკერიამ ამ აქციის შესახებ დააანონსა, მაშინვე შეეძლოთ მანდატურებს, გაეყვანათ დარბაზიდან. აყალმაყალი, ჩხუბი და დაძაბულობა „ნაციონალური მოძრაობისა" და  მისი ახალი განშტოების „ევროპული საქართველოსთვის" მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. მათ სურთ, რაც შეიძლება მეტად შეიტანონ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის განცდა, რათა ამ გზით ამღვრეულ წყალში პოლიტიკური თევზი დაიჭირონ.

 

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას?

 

- არ დავმალავ და საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა, თუმცა, მოსალოდნელი იყო. ვამბობთ, რომ 2020 წელს ჩავატაროთ შერეული არჩევნები, მაგრამ გავაკეთოთ ისე, რომ პატარა პარტიებს, რომელსაც ხშირად ვაკრიტიკებთ მე და ჩემი ზოგიერთი კოლეგა, მაინც ჰქონდეთ საშუალება, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ თავი, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხები გამოიყენონ პარტიული მშენებლობისთვის, გაძლიერდნენ და დაბალი ბარიერით თუ ბლოკების დაშვებით შემოვიდნენ პარლმენტში. 2024 წელს იქნებ მოგვეცეს საშუალება და შევქმნათ ისეთი პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელი იქნება კოალიციური მმართველობა.  


 

- 2018 წლის ბიუჯეტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა... თქვენთვის რა არის პრიორიტეტული მიმართულებები წარმოდგენილ პროექტში და რაიმე სახის შენიშვნა ხომ არ გაქვთ?


- 16 ოქტომბერს ვაპირებთ, შევაჯამოთ მთლიანად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები კომიტეტებში, არსებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტთან გროვდება და შემდეგ მოხდება ამ ყველაფრის განხილვა.


ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ საგარეო ვალებს ვიღებთ, მაგრამ მიზანმიმართულად არ ლაპარაკობენ იმას, რომ ვალებს კი ვიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს კიდეც ვისტუმრებთ. ბიუჯეტი ამასაც ითვალისწინებს. სოციალურ თემებში მიდის საკმაოდ დიდი სპეკულაცია, დიდი რაოდენობით სოციალური პროგრამებია დაფინანსებული და გაძლიერდება, მაგრამ ასეთი დაპირება არჩევნების წინ, რომ ჩვენ დაგირიგებთ 100-100 ლარს ეს იმას ნიშნავს, რომ ატყუებენ ხალხს, ვისაც არ ესმის. ფულის ამ მასის გადინება, რომელსაც  „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები საზოგადოებას ჰპირდებიან, გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას. ასე რომ, საპენსიო ფონდი იქმნება, იმედი მაქვს, რომ მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს და მალე შევძლებთ, რომ პენსიის საკითხი მოიხსნება დღის წესრიგიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ 20 წლის წინ არ დავიწყეთ ამის კეთება. ამის შესაძლებლობა იყო.


- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2017 წელს გაუქმდა, შესაძლოა აღდგეს... გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია და არის თუ არა შესაძლებელი?


- სოფელში ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა. შეიქმნა კოოპერატივები და მათ შორის უამრავი ძალიან წარმატებული კოოპერატივია. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით ყველაფერი კარგად მოხდა, მაგრამ სერიოზული წინსვლა აჩვენა სოფელმა.

დღეისათვის სოფლად ყველაზე სერიოზული პრობლემა არის აზიური ფაროსანა. მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ფაროსანები ჩვენს პოლიტიკაშიც მრავლად გვყავს და არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner