ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როცა მახათის ყრა უნისექსია.
სალომე სამადაშვილმა გიორგი ვოლსკის უჩივლა სიტყვა „გოგოს" გამო, რადგან ჩათვალა, რომ „გოგო" არის გენდერულად დისკრიმინაციული ენა მამაკაცისგან.
ამგვარ ფორმულირებას შეურაცხყოფად ხსნიან შემდეგი არგუმენტით: როცა არ ეკუთვნი იმ ჯგუფს, რომლის ჯგუფურ სახელსაც წარმოთქვამ, ამით ხაზს უსვამ საკუთარ აღმატებულებასა და უპირატესობას, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს. ანუ სალომე სამადაშვილმა სიტყვა „გოგო" მიიჩნია როგორც ვოლსკის სექსისტური გალაშქრება ქალთა მოდგმის მიმართ.
სხვათაშორის, მსგავსი და უარესი პრეცედენტები ხშირია აშშ-სა და ევროპაში. ამერიკაში თეთრკანიანისგან შავკანიანისთვის „ნიგერის" წოდება დასჯადია, ასევე შეიძლება დაისაჯოს შავკანიანი, თუ თეთრკანიანს „თეთრს" დაუძახებს. ფინეთში სერიოზულად ფიქრობენ ფინური ენის რეფორმისთვის, რადგან მათთან ბევრი პროფესიის დასახელებაში ფიგურირებს მამრობითი ბოლოსართი. შვედებმა გამოიგონეს საშუალო სქესი და ა.შ.
რა თქმა უნდა, ადამიანთა თანასწორობის პრიმატი მნიშვნელოვანია, თუმცა თანასწორობა არსობრივად ნიშნავს განსხვავებულთა ერთნაირ უფლებებს და არა განსხვავებების გაქრობას ან დამალვას. როცა კაცი ქალს გოგოს უწოდებს, ეს შეურაცხყოფა ვერ იქნება, რადგან თავად სიტყვა „გოგო" არაა შეურაცხმყოფელი, ხოლო თუ შეურაცხმყოფელია, მაშინ სხვა გოგოს შეუძლია უჩივლოს სალომე სამადაშვილს ტერმინ „გოგო"-ს შეურაცხყოფისთვის. მაქსიმუმი, რაშიც სალომე სამადაშვილს შეუძლია დაადანაშაულოს ვოლსკი, არის ფამილარობა. თუმცა, ფამილარობა კანონით აკრძალული არაა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ფამილარული ყველას, მათ შორის დეპუტატების, მინისტრების და პრეზიდენტების მიმართაც!
აქვს თუ არა მოქალაქეს უფლება, სალომე სამადაშვილი მოიხსენიოს „ნაცად"? აქვს! ისევე როგორც ყველას აქვს უფლება, „ოცნების" დეპუტატი მოიხსენიოს „ქოცად". აქვს თუ არა უფლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ქართველმა მოიხსენიოს რუსი რუსად, სომეხი სომხად და აზერბაიჯანელი აზერბაიჯანელად? იმავე უფლებას იყენებენ სხვა ერები ქართველების მოსახსენიებლად. ვინ უნდა გადაწყვიტოს ნათქვამი სიტყვის კონტექსტის შეურაცხმყოფელობა? ეტყობა სასამართლომ. ჰოდა, მაშინ სალომე სამადაშვილს მოუწევს, თავად ამტკიცოს, რომ სიტყვა „გოგო" ქალთა მოდგმის შეურაცხმყოფელია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ითქვა მამრობითი სქესის წარმომადგენლისგან.
ქართულ ენაში სქესი არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს ულამაზესი სიტყვა - დედამიწა და კაცობრიობა. საქართველოში ასევე არსებობს უსქესო ტერმინი „არსება". ამ ტერმინს ქალებიც და კაცებიც იყენებენ მაშინ, როცა არ სურთ შეაგინონ ადრესატს, თუმცა, სურთ, მაქსიმალურად გამოხატონ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება მისდამი. რატომ „არსება"? იმიტომ, რომ არსება უსქესოა, უსახოა, გაურკვეველი არარაობაა, იმიტომ, რომ საქართველოში ქალიც, კაციც, გოგოც და ბიჭიც აღნიშნავს არა მხოლოდ სქესს, არამედ ამ სქესის შესაბამის მორალურ სახესაც. ჰოდა, ეს ტერმინები შეურაცხმყოფელი მხოლოდ „არსებებისთვის" ან მედიის ყურადღებას დანატრებული ძალადეგალიტარი ინტრიგანებისთვის შეიძლება იყოს", - წერს უძილაური.