თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახალი სასტუმრო აშენდება. ამისათვის 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ტერიტორია, სადაც არანაკლებ 20-ნომრიანი სასტუმროს, რესტორნებისა და ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს, გიორგი თათილაშვილს.
მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, მითითებულია, რომ ფიზიკურ პირს გიორგი თათილაშვილს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე 18895.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით - 36.02 კვ.მ, №2 საერთო ფართით - 37.21 კვ.მ, №3 საერთო ფართით - 45.66 კვ.მ, №4 საერთო ფართით - 33.66 კვ.მ, №5, №6, №7, №8, №9, №10 (აუზი), №11, №12 (აუზი)
განკარგულების თანახმად, ინვესტორი ასევე ვალდებულია, უძრავი ქონების ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება უზრუნველყოს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა