სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილი ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს:
„აპრილში ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და ეს, შეიძლება, ასაკის ბრალი იყო და შეიძლება თბილისური გაზაფხულის - აპრილიდან თბილისის ქუჩებში აყვავებული ნუშის ისეთი სუნი იდგა ხოლმე, გაკვეთილებზე უბრალოდ ჯდომაც კი, ძალიან ძნელი ხდებოდა. თუმცა, არ ვიცი, რა ხდებოდა იმ წელს, როცა უკვე აპრილიც იდგა, ნუშიც ყვაოდა თბილისში, მაგრამ მე არავინ მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდეკლასელი ვიყავი და საქმეც არაფერი მქონდა, გარდა იმისა, რომ ყოველ დილით სკოლაში მივდიოდი და შუადღისას უკან ვბრუნდებოდი.
სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისაკენ.
ჩვენს სახლებს მხოლოდ ერთი, ხუთსართულიანი კორპუსი აშორებდა ერთმანეთისგან და როცა ქუჩის კუთხეში შემოვუხვევდი, ლაშა ყოველთვის უკვე იქ იდგა. ზუსტად მახსოვს, რომ ის დღე იყო 23 აპრილი, რადგან წინა საღამოს ლაშა ფხაკაძემ ლენონის ფირფიტა მაჩუქა ლენინის მერამდენეღაც იუბილის აღსანიშნავად და ეს გახლდათ ჩემი პირველი, ნამდვილი ფირფიტა.
მოკლედ, იმ დილითაც ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კედელთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცებ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებში და გავჩერდი - ჩემს წინ იდგა ლიკა ქავჟარაძე. უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ, სანამ ლაშა ფხაკაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხიც არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ, ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ლაშამ კი იმიტომ მომაკითხა, რომ არასოდეს ვაგვიანებდი ხოლმე და ალბათ ჩემი იმდილანდელი დაგვიანების მიზეზმა დააინტერესა.
- რას დამდგარხარ სირივით, - მკითხა ფხაკაძემ ძალიან გაკვირვებული სახით და ჩემი იმწუთიერი მდგომარეობის აღმნიშვნელი ეს სიტყვა, მაშინ სულ ახალი შემოსული იყო მასიურ ხმარებაში. ასევე, ეს ის დრო იყო, როცა ცხრამეტი წლის ლიკა ქავჟარაძეს, უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ „ნატვრის ხეში" და ეს ფილმი ჩვენც ნანახი გვქონდა.
მაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჟარაძე სადღაც ჩვენს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. მე რომ იმ დილით ვნახე, იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, რასაკვირველია, არასოდეს მინახავს და ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო. ჰოდა, მეც ვიდექი ზუსტად ისე, როგორც ეს ადვილად ამოიცნო ბავშვობიდავნე ნიჭიერმა ლაშა ფხაკაძემ და ბოლოს პირდაპირ მკითხა:
-- სკოლაში არ მოდიხარ?
სკოლაში კი წავყევი, მაგრამ იმ დღეს ჩემს ყოფნას სკოლაში არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან არანაირი ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა არ მაინტერესებდა. მე მაინტერესებდა, რამდენად შემთხვევით გამოიარა ლიკა ქავჟარაძემ იმ დილით, და თუ ეს არ იყო შემთხვევითი, და თუ მას დილაობით სეირნობა უყვარდა, მაშინ მას მეორე დილითაც ვნახავდი, და ეს ჩემი ვარაუდი, სკოლიდან უკან, შინისაკენ მომავალ გზაზე, ლაშა ფხაკაძესაც გავუზიარე.
ლაშა ჯერ არ იყო ყველაზე მაღალი ადამიანი ჩვენ უბანში და ანომალიური ზრდა მან, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, მერვე კლასში დაიწყო და ამიტომ, კი არ ჩამომხედა, არამედ შემომხედა.
მეორე დილით, რასაკვირველია, ორივენი დავხვდით ლიკა ქავჟარაძეს და, რასაკვირველია, წინა ღამით ისიც კი გავიფიქრე, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ფხაკაძესაც გავანდე ეს საიდუმლო, მაგრამ შუაღამისას, სანამ ჩამეძინებოდა, მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ ვცდებოდი. დილით კი, ორივენი ვიდექით ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ლიკა ქავჟარაძემ გამოიარა და სანამ ლიკა შემოუხვევდა, ლაშამ მკითხა - იქნებ მოგეჩვენაო, და პასუხის გაცემა რომ დავაპირე, სწორედ მაშინ შემოუხვია.
შეიძლება დაგვინახა კიდეც, მაგრამ არ შეგვიმჩნია და ვინ იცის, თბილისის ქუჩებში რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ხოლმე იმ წლებში ლიკა ქავჟარაძე. მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო და მახსოვს, ვიფიქრე, ლაშამ თუ შემამჩნია-მეთქი, მაგრამ ფხაკაძეს ჩემთვის უბრალოდ არც ეცალა და კარგა ხანს, არცერთი არ გავნძრეულვართ. ალბათ სკოლა უკვე დაწყებული იყო, როცა მოპირდაპირე სახლის გამოღებული ფანჯრიდან ჩვენმა მეგობარმა მამუკა ნადირაშვილმა ხმამაღლა გადმოგვძახა:
-- რას დამდგარხართ სირებივით?!
სკოლაში წასვლას აზრი აღარ ჰქონდა (ჩვენი ღრმა რწმენით) და მამუკასთან ავედით, რომელსაც ფეხი მოეტეხა და ისედაც გვინდოდა მისი ნახვა. წამოვედით შუადღისას და მეორე დილამდე დავიშალეთ იმ იმედით, რომ იმდღევანდელი სკოლის გაცდენის ამბავი მშობლებს არ ეცოდინებოდათ. გაგვიმართლა.
დილით კი ისევ იქ ვიდექით, სადაც ლიკა ქავჟარაძე უნდა გვენახა ისევ, და იმან ისე ჩაგვიარა, როგორც წინა დღეებში, მაგრამ ამჯერად (წინა დღეებისგან განსხვავებით), ლიკას უკან გავყევით. ახლაც არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ ეს რაღაც თავისთავად მოხდა, მე და ლაშა ნამდვილად არ შევთანხმებულვართ და ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ როგორც კი ლიკა სადარბაზოში შევიდა, ჩვენც უკან მივყევით. კიბეზე რომ ავდიოდით, მახსოვს, ერთი კი გავიფიქრე, რა უნდა გვეპასუხა ლიკა ქავჟარაძისთვის, უცებ რომ შემობრუნებულიყო და ჩვენთვის ეკითხა, რა გვინდოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა და ასე ჩუმად, უხმოდ ავყევით მას ბოლო, მეხუთე სართულამდე.
როგორც ჩანს, მისთვის ისეთი პატარები ვიყავით, რომ საერთოდ არ შეშინებია და ცოტა ღიმილითაც კი მოგვიხურა ცხვირწინ დიდი და მძიმე კარები. მე ცხვირი მოვიფხანე და იქვე, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ლაშამაც იგივე გააკეთა და სიგარეტი ამოიღო. ჯერ თავისთვის მოუკიდა, მერე მეც შემომთავაზა. მე ჩემი ცხოვრების პირველი სიგარეტი სწორედ მაშინ მოვწიე, მაგრამ არ მომეწონა, რადგან თავბრუსხვევა ვიგრძენი და ხველებაც ამიტყდა. არ ვიცი, ამის გამო იყო თუ ლიკა ქავჟარაძემ უთხრა თავის ქმარს ჩვენს შესახებ, უცებ ის დიდი რკინის კარი გაიღო და იქიდან ვიღაც „ვზროსლი" გამოვიდა, რომელიც ალბათ მხოლოდ ჩვენთვის იყო „ვზროსლი" და, აქ რას აკეთებთო, - საკმაოდ მშვიდად გვკითხა. მინდოდა მეთქვა, რომ არაფერს-მეთქი, მაგრამ ხველების გამო ფხაკაძემ დამასწრო და რა შენი საქმეაო, - ისე სწრაფად უთხრა იმ ზრდილობიან და სიმპათიურ ადამიანს, რომ მაშინ ისიც კი გავიფიქრე, თითო-თითო ჭიტლაყი, ნამდვილად არ აგვცდებოდა.
თუმცა, ეტყობა, მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო და მაინც ბოლომდე თავი შეიკავა, და სანამ კიბეებზე ვეშვებოდით, ჩვენთვის მაინც არაფერი უთქვამს.
ჩვენ კი, აპრილის ბოლომდე, მაინც ყოველ დილით, ისევ იქ ვიდექით ხოლმე ლიკას მოლოდინში, მაგრამ ლიკას იქ აღარ გამოუვლია, და ლიკა ისეთი, როგორიც მაშინ იყო, მერე აღარასოდეს მინახავს".