logo_geo
eng_logo
„ზოგიერთი მოქილიკე ვაი-პოლიტიკოსის გასაგონად...“
- +

15 ოქტომბერი. 2017. 00:16


1921 წლის თებერვალში, როცა მტერი კარს იყო მომდგარი, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც ათწლეულების შემდეგ დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ისტორიის სამართლიან განვითარებაში. ათწლეულების მანძილზე, ყოველივე ეროვნულის მიმართ სასტიკი და ულმობელი საბჭოთა სინამდვილის პირობებშიც კი, სხვა გარემოებებთან ერთად, არსებობდა პარალელური „დე იურე" სიბრტყე, რომელიც იყო მყარი საყრდენი მრავალთაობაგამოვლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის.


ეს გახლდათ ჩვენი წინაპრების მიერ გადადგმული შორსმჭვრეტელური, ბრძნული ნაბიჯი, რამაც მოგვცა საშუალება, 1995 წლის 24 აგვისტოს, ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ახალი კონსტიტუციით მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე გაგვეკეთებინა ამაყი განაცხადი: „...ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას". ყოველივე აღნიშნული სახელმწიფოს ავტორიტეტს უფრო მაღალ ხარისხში წარმოაჩენდა და საერთაშორისო პროცესებში „ტემპით შესვლის" პირობა იყო.


სახელმწიფოს ცხოვრებაში კონსტიტუციის მნიშვნელობის შეფასებისთვის ქართველებს სხვათა მაგალითების მოხმობა არ გვჭირდება. ჩვენი ქვეყნის ბოლო ასწლეულის ისტორია საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ეს მნიშვნელობა მკაფიოდ გვქონდეს გაცნობიერებული.


საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი, უკვე სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები, მათი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, როგორც ქვეყნის თვისებრივად ახალ კონსტიტუციურ რეჟიმში გადასვლის მყარი ფუნდამენტი. იწყება ახალი ეტაპი იმ შეუქცევადი პოლიტიკური პროცესისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დაუდო დასაბამი 2011 წლის 7 ოქტომბერს. „ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა", - ძნელია, არ დაეთანხმო ამ შეფასებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.


აუცილებლად მიმაჩნია, კონსტიტუციის თემაზე შემოთავაზებულ ჩემს მეხუთე (დასკვნით) წერილში გავაკეთო რამდენიმე შემაჯამებელი შეფასება. არც პარლამენტს, არც საკონსტიტუციო კომისიას და არც ქართველ საზოგადოებას არ ვაკადრებ (ზოგიერთი „ექსპერტისგან" განსხვავებით) იმ ზოგად შეფასებას, რომ ახალი კონსტიტუცია ძველზე უკეთესია. მსგავსი მნიშვნელობის თემებთან ურთიერთობა მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რაც თავის მხრივ, არგუმენტებით გაჯერებულ მეტ კონკრეტიკას გულისხმობს.


უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ ახალ კონსტიტუციაში არ არის არც ერთი მუხლი, არც ერთი დებულება, რომელიც მმართველი ძალის მდგომარეობას რაიმე სახით შეიძლება აუმჯობესებდეს.  სამაგიეროდ, ბევრ ისეთ სიახლეს ნახავთ, რომელიც ოპოზიციის როლის გაძლიერებას ემსახურება.   მარტივ კითხვაზე (ამ კითხვას ზოგიერთი უცხოელიც სვამს) - „მაშ, რაში სჭირდებოდა მმართველ პარტიას ეს ცვლილებები?" - არსებობს ასევე მარტივი, მაგრამ მრავლისმთქმელი პასუხი - „სახელმწიფოს ინტერესებიდან, სახელმწიფოს წინსვლის ინტერესებიდან გამომდინარე". მე ვიტყოდი, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების  სავიზიტო ბარათი.


ე.წ. ოპოზიციისა და მისი ტრადიციული სატელიტების მხრიდან (ყველას ერთად, ე.წ. პრეზიდენტის „წინამძღოლობით", გაფართოებული ნაცმოძრაობა შეიძლება ვუწოდოთ), როგორც წესი, პედალირება ხდება სამ საკითხზე: პროპორციული არჩევნების წესის ერთი საპარლამენტო ციკლით გადავადება, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და კონსენსუსის არარსებობა.


კონსენსუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ერთ შეფასებას გავიხსენებდი, რომელიც მან ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა - „2004 წელს, თითქმის სრული კონსენსუსით, მიღებულ იქნა ძალიან ცუდი ცვლილებები; ასევე,  2010 წელს, თითქმის სრული კონსენსუსით, მიღებულ იქნა ძალიან ცუდი ცვლილებები; დღეს, 2017 წელს, ოპოზიციასთან კონსენსუსის გარეშე, ვიღებთ ძალიან კარგ ცვლილებებს. მე ამ უკანასკნელ ვარიანტს მივანიჭებდი უპირატესობას". ვფიქრობ, ძნელია, არ დაეთანხმო აღნიშნულს, თუკი მოვლენებს ობიექტურად, სახელმწიფო ინტერესების ჭრილში შეხედავ.


როგორც მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ, კონსენსუსის თემაზე საინტერესო დიალოგი გამართულა ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, რომელიც ბატონ ირაკლის თავის ძირითად მოხსენებაში ასე შეუჯამებია: „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ გამოვაცხვეთ გემრიელი ნამცხვარი, რომლის გასინჯვაც არც ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ არ ისურვა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გამოვაცხვეთ გემრიელი ნამცხვარი არა პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში გაჰყვება მისი სიტკბო. ეს არის თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრების გემო". აქ რაიმეს დამატება ცოდვა იქნება. მე, უბრალოდ, სამ ძახილის ნიშანს დავსვამდი (!!!). ზოგიერთი მოქილიკე ვაი-პოლიტიკოსის გასაგონად კი ვიტყოდი, რომ ტორტის ნაჭრის თემა პოლიტიკაში ცნობილი თემაა და ცოტა მეტი უნდა „იმაცადინოს".


პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სპეკულაციებისთვის, ვფიქრობ, საფუძველი აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც მმართველმა უმრავლესობამ ცვლილება 2024 წლისთვის გადაავადა და ვენეციის კომისიამ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასა ეს კომპრომისი. უბრალოდ, „ოპოზიციამ" გადაწყვიტა, რომ გიორგი მარგველაშვილის დაჩაგრულის როლში (სრულიად გაუგებარია, გიორგი მარგველაშვილი რა შუაშია) დიდი ხნით შენარჩუნება მომგებიანი იქნება, რადგან „ნაცმოძრაობის" გეგმა „B" , დიდი ალბათობით, ამ პერსონაზე შეიძლება აიგოს (ხავსს ეჭიდებიან). გარდა ამისა, ცდილობენ, შეუთანხმებელი საკითხების სიმრავლის ილუზია შექმნან.


პროპორციული არჩევნების გადავადებას რაც შეეხება, მრავალწახნაგიანი თემაა და კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს: როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, „ოპოზიციამ" უცებ გააცნობიერა, რომ გადაიდგა უდიდესი ნაბიჯი თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენების მიმართულებით, რის საფუძველზეც „ქართული ოცნება" კიდევ უფრო გაიძლიერებდა ავტორიტეტს როგორც ქართველი საზოგადოების, ისე უცხოელი პარტნიორების თვალში.


უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც ე.წ. პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა საკონსტიტუციო პროცესს, გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ ახალშექმნილი კომისია ოთხ თვეში ვერ მოახერხებდა ხარისხიანი დოკუმენტის შემუშავებას, რაც „ოპოზიციას" მისცემდა საშუალებას, კედელთან მიეყენებინა მმართველი პარტია. ასეთ შემთხვევაში ყველა კოზირი „სამართლიანად განაწყენებული" მარგველაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა.


ავტორი: გიორგი ქებულიძე


სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=55142   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner