logo_geo
eng_logo
„მადლობა ირაკლი კობახიძეს გაწეული ურთულესი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოსთვის!“
- +

15 ოქტომბერი. 2017. 02:59


გამომდინარე „დიდი ოპოზიციური გეგმიდან" - რომ საზოგადოებას დაუსრულებლად უნდა უკიჟინებდე და უჩიჩინებდე, რომ უუნარო და უნიათო მმართველობის გამო, ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა, რომ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ამას წარსულში დაბრუნება ჯობია - კონკრეტული გეგმა ასე განისაზღვრა: თუკი სასიკეთო საქმეში კონსტრუქციულ ურთიერთობაში ვიქნებით ხელისუფლებასთან, ის ამაში ქულებს აიღებს, რაც დამატებით ავტორიტეტს მოუტანს შინ თუ გარეთ. ამიტომ, მხოლოდ ნეგატივი, ნეგატივი და ისევ ნეგატივი. „საბრძოლო დროშაზე" კი გამოიტანეს ნაცადი სლოგანი - ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი მთლიანად გარე მოხმარებაზე იყო გათვლილი, რადგან შინ ყველამ კარგად ვუწყით, რომ ეს „ყველა" ერთი ბოროტი ძალის ნასხლეტებია.


საკონსტიტუციო კომისიაში, ვიდრე კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა მუშაობა, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეები მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებით იფარგლებოდნენ და საერთო თანხმობის ინტერესიდან გამომდინარე, მოთხოვნებს არ აყენებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ თანხმობა არც ერთ შემთხვევაში არ შედგებოდა, რადგან „ოპოზიცია" აპრიორი გამორიცხავდა პროცესის ამგვარ განვითარებას, აღნიშნული ჯგუფი გააქტიურდა და თავისი არგუმენტები აამუშავა.


პარლამენტში, რეალურად, კონსენსუსის ხუთი სუბიექტი არსებობს - ოთხ პარტიულ ფრაქციას ემატება მაჟორიტარების ჯგუფი, რომელსაც სუბიექტურის გარდა, ობიექტური არგუმენტებიც უხვად მოეძევება, ხოლო რაოდენობით ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აღემატება. „ოცნების" შიდა განხილვებიდან გამოსული ინფორმაციით, ამ უკანასკნელთა მხრიდან საკითხი ასე დასმულა - თუკი ოპოზიციურ პარტიებს ყველა შემთხვევაში განხილვების ბოიკოტირება აქვთ გადაწყვეტილი, ანუ თუკი ნებისმიერი შედეგი ჩვენი ლანძღვა-გინების საფუძველი უნდა გახდეს, გაუგებარია, რატომ უნდა დავთმოთ ჩვენი პოზიციებიო.


ბუნებრივია, „ქართული ოცნება" იძულებული იქნებოდა, კომპრომისი უმრავლესობის შიგნითაც მოეძებნა (ეს არ ყოფილა დამალული), რადგან ზემოთ მოტანილი არგუმენტის გაბათილება მართლაც რომ შეუძლებელი ჩანს და სწორედ ამას მოჰყვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ორსაფეხურიანი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელია ეჭვი შევიტანოთ საპარლამენტო უმრავლესობის იმ განცხადებაში, რომ თუ ოპოზიცია ბოლომდე დარჩებოდა საკონსტიტუციო პროცესში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს   მოხდებოდა. ბუნებრივია, შედეგზე პასუხისმგებლობაც „ოპოზიციას" ეკისრება.


ანალიზის სისრულისთვის, იმ კომპრომისებს ჩამოვთვლი, რომელიც მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გაიღო: პრეზიდენტის არჩევის წესის ერთი სრული ციკლით გადავადება; 2020 წლის არჩევნებზე - ა) 3%-იანი ბარიერის დაშვება; ბ) საარჩევნო ბლოკების დატოვება; 2024 წლისთვის ბონუსის სისტემის გაუქმება.


...დაბოლოს, მადლობა ირაკლი კობახიძეს გაწეული ურთულესი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოსთვის. მიკვირს, ამ ახალგაზრდა, კარგი გაგებით ამბიციურმა კაცმა როგორ გაუძლო ამდენ უსამართლო, უღირსებო ფორმით გაკეთებულ შემოტევებს და ერთი წუთითაც არ დაუკარგავს წონასწორობა. ჭეშმარიტად - დიდი გამარჯვებები მშვიდების ხვედრია. 


ცოდნა, უნარები, გონიერება, ნიჭიერება, ასაკისთვის უჩვეულო მდიდარი გამოცდილება და რაც მთავარია - აზროვნების და მოქმედების თანმიმდევრულობა - ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მთავარი ავტორის ძირითადი მახასიათებლებია.


მოუთმენლად ველი ბატონი ირაკლის მიერ დაანონსებულ „დეცენტრალიზაციის სტრატეგიის" დოკუმენტს (აზროვნების და მოქმედების თანმიმდევრულობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი), რაც სრულყოფილებაში მოიყვანს იმ ფუნდამენტს, რომელზეც აიგება თანამედროვე, თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო.

მომავალ შეხვედრამდე!


ავტორი: გიორგი ქებულიძე.


სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=55142


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner