საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გასული სამი წელი შეაჯამა და იმ გასატარებელ რეფორმებზეც ისაუბრა, რომელიც იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტმა 4-პუნქტიანი რეფორმა შეიმუშავა, რაც ქვეყნის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს შეესაბამება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინო ის შეკითხვები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს. ვეცდები, მაქსიმალურად გულწრფელად ვისაუბრო ყველაფერზე.
ჩვენს უკან არის განვლილი სამი წელი, რომელიც არ იყო მარტივი, საკმაოდ რთულ პირობებში მოგვიწია მუშაობა. მოგვიხდა ბევრი საკითხის გადაჭრა, რომელიც ეხებოდა ისეთ ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჯანდაცვა, გარე და შიდა უსაფრთხოების საკითხები. გავწიეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო. მე პირადად მომიხდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა და ეს იყო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.
დღეს გვაქვს ახალი გამოწვევები, მოთხოვნაც უფრო გაიზარდა. საჭიროა დინამიკა, ამიტომ შევიმუშავეთ 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარღვევას, როგორიც არის განათლების სისტემა, უმაღლესი განათლების ჩამოყალიბებას და პროფესიული განათლების სრულიად ახალი სისტემის შემქნას.
ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახდის გაუქმებას, საგადასახადო ადმინისტრირებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს.
მეოთხე და მთავარი მიმართულება, ეს არის მმართველობითი სისტემის შეცვლა. ერთიანი ფრონტი უნდა შევქმნათ მომსახურებისა. თუ დღეს ადამიანებს უწევთ ხეტიალი სხვადასხვა სამინისტროებში, ამ რეფორმის შედეგად მათ ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ, მიიღონ ნებისმიერი მომსახურება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს ტელეჟურნალისტებს შეხვდა. ასევე იგეგმება შეხვედრა რეგიონული მედიის, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთან.