საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, პარტიაში იქნებიან ახალგაზრდა პროფესიონალი სახეები.
„უახლოეს მომავალში იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარების პროცესებში. ეს არ ნიშნავს ვინმეს წვლილის იგნორირებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყნაში და ვფიქრობ, ცვლილებები სახეზეა. კმაყოფილების გრძნობა ყველა მიმართულებით არ გვაქვს, შესაძლებელია, ზოგ ასპექტში მეტი გაკეთებულიყო, სწორედ ამიტომ დღეს იქმნება ახალი გუნდი ახალი ამოცანებით, რაც კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს საქართველოს განვითარებას. მთავარი კრიტერიუმი, რომელიც იქნება ახალი გუნდის წევრებისთვის დამახასიათებელი - ეს იქნება გულწრფელობა მოქალაქეებთან მიმართებაში და პროფესიონალიზმი. სწორედ ამ კრიტერიუმებით იქნება შერჩეული გუნდი", - განაცხადა პრემიერმა.