საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2016 წელს არჩევნების ჩატარების თარიღად 8 ოქტომბერი გამოცხადდა და ეს თარიღი აღარ შეიცვლება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აქვე კვირიკაშვილმა საარჩევნო პროცესის დაწყებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტთან საერთო აზრზე შეჯერება მოხერხდება.
„8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განსაზღვრულ იქნა, როგორც შემდეგი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. 2 დღის წინ გავაკეთე განცხადება და იქაც აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან, გარკვეულ იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით მოხდა უზუსტობა. სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული. ამიტომ, განკარგულება არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, გამოგზავნილ იქნა პრეზიდენტის მხრიდან. ამაში არაფერი არანორმალური არაა. მგონი ხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ამიტომ, ჩვენ მოტივირებული შენიშვნებით უკან გადავგზავნეთ ეს აქტი, რათა ქვეყანა არ ჩართულიყო 6-თვიან საარჩევნო პროცესში, არამედ დაზოგილიყო გარკვეული თანხები. ჩვენი სურვილი იყო, ივლისში დაწყებულიყო საარჩევნო პროცესი. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მომხრეა, მაისში დაიწყოს ეს პროცესი. აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს. ეს ასე ნამდვილად არ არის. მას შემდეგაც მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში ურთიერთობას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სურვილია, გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლდათ 60-დღიანი სტანდარტი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული. მაგრამ, ვნახოთ, შემდეგი კონსულტაციების შედეგად რა აზრზე მივალთ. იმედი მაქვს, რომ მივალთ საერთო აზრამდე. ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ეს არის ნორმალური პროცესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.