ავტორი ჯემალ სეფიაშვილი
16 ოქტომბერს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, გამოჩენილ ჟურნალისტს, გამოჩენილ მწერალსა და პოეტს, გამოჩენილ მეცნიერსა და პედაგოგს, ქართული სპორტის გამოჩენილ მოამაგეს, გამოჩენილ მოგზაურს და, უბრალოდ, თანამედროვე ქართული საზოგადოების გამოჩენილ და ღირსეულ წევრს, ბატონ პაატა ნაცვლიშვილს დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა.
ვშიშობ, რამე ხომ არ გამომრჩა პაატა ნაცვლიშვილის ასე მდიდარი, ნაყოფიერი და წარმატებებით აღსავსე შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან. გადახედეთ მის მიერ დღემდე განვლილ გზას და თითოეულმა თქვენი თვალთახედვით შეავსეთ და დააზუსტეთ მისი მრავალმხრივი საქმიანობისა და მოღვაწეობის ეს ჩემეული ჩამონათვალი.
ჩემი ქვეყანა კარგა ხანია გადაეჩვია თავისი საამაყო შვილების მხარდაჭერას, წახალისებას, საიუბილეო თარიღების მილოცვასა და ფართოდ აღნიშვნას. არადა, მათი ცხოვრება, შემოქმედება და ღვაწლი ხომ წარუშლელ კვალს ტოვებს მომავალი თაობებისათვის...გულსატკენია, ძალიან გულსატკენი!..
ჩემო პაატა, მაქვს პატივი გულითადად მოგილოცო სახელოვანი იუბილე, მივულოცო შენი დაბადების დღე შენს ლამაზ ცოლ-შვილს, შენს ძმას, სანათესაოს, შენს უამრავ კეთილისმსურველს, მეგობარსა და ახლობელს. მეც მიგულე საუკეთესო სურვილებით შენს მეგობართა შორის.
მე კომპოზიტორი ვარ. რა შემიძლია გაჩუქო და გისახსოვრო ამ შესანიშნავ დღეს? რასაკვირველია, სიმღერა! - ჩემი ახალი სიმღერა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ გახმაურებულ და დღემდე პოპულარულ შენს „წერილზე". ამ მოლოცვას გულწრფელად უერთდებიან არაჩვეულებრივი ბიჭები „თეატრალური კვარტეტიდან".
ეს ჩემი და შენი მეორე ერთობლივი ნამუშევარია! მანამდე აკი სწორედ ჩვენი შემოქმედებითი თანამშრომლობით შეიქმნა სიმღერა „სიყვარული გზად და ხიდად" - მსოფლიოში პირველი სიმღერა შოთა რუსთაველის ტექსტზე! მჯერა, რომ ჩვენი შემდგომი ახალი ჩანაფიქრიც გაახარებს მსმენელს - მუსიკალური სპექტაკლი „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით მართლა უნიკალური პროექტია!
იმედი მაქვს, კალენდარული ასაკი ვერაფერს დააკლებს შენს ამოუწურავ ენერგიას და შემართებას!
სულ წარმატებული გვეყოლე! გული არაფერზე იტკინო, ასეთი ცხოვრებაა დღეს!
მეამაყები!
ჯემალ სეფიაშვილი