როდესაც პიონერთა სასახლეში მივიდა, 12 წლის იყო. მოგვიანებით აქ დაარსებული სტუდია „პიონერფილმი“ მის სახელს ისე დაუკავშირდა, რომ დღემდე მისი ხსენებისას ავტომატურად ამ პიროვნებასაც გულისხმობენ ხოლმე. ახლაც, დარწმუნებული ვარ, ყველას გონებაში მხოლოდ ერთი სახელი და გვარი – გრიშა ჩიგოგიძე გაუნათდა.
მისი დახმარებით „პიონერფილმში“ ნამდვილ კინოხელოვნებას არაერთი თაობა ეზიარა. 40 წლის მანძილზე პიონერფილმელების მიერ გადაღებული ფილმებით უნიკალური არქივი შეიქმნა. სტუდიას არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს მიღებული. ბატონი გრიშა დღესაც შემოქმედებითად აქტიურია და, როგორც ყოველთვის, ყველასგან განსხვავებული. მასთან დარეკვის დროს მობილურზე ზუმერად დაყენებულმა სახალისო მელოდიამ დისნეის მულტფილმიდან განსაკუთრებული საუბრისთვის განმაწყო.
გრიგოლ ჩიგოგიძე, ფოტო 1956 წელს გადაიღო კინორეჟისორმა გიორგი ასათიანმა კამერასთან, რომელიც 23 კილოს იწონიდა; შტატივი 7კგ, აკუმულატორი კი 8კგ. - ასე დაიწყო „პიონერფილმმა“
– გამარჯობათ, ბატონო გრიშა, რა კარგ ხასიათზე დამაყენეთ…
— გამარჯობა.
– ეს ზარი სპეციალურად ამისთვის გაქვთ, რომ კარგი განწყობა შეუქმნათ, ვინც გირეკავთ?
— აბა რა, თქვენზე ხომ იმოქმედა?
– ნამდვილად, კარგი იყო…
— მაშინ გავთიშავ და ხელახლა დამირეკეთ…
გრიგოლ ჩიგოგიძე
– სხვა დროსაც დავრეკავ, ახლა მინდა გითხრათ, რომ თქვენი ასაკი — 75 წელი ცოტა შეუფერებელი მეჩვენება თქვენ გარეგნობასთან და სიცოცხლის ხალისთან…
— და ტელეფონის ზუმერთანაც, არა?..
– ეგ თავისთავად… როგორ ახერხებთ იმას, რომ ყველა თაობის ბავშვებისთვის საინტერესო რჩებით და დღემდე პოპულარული ხართ. რამე საიდუმლო ხომ არ იცით?
— რა არის, იცით? არ ვიცი, არა მგონია, რომ ეს საიდუმლო იყოს. უბრალოდ, როცა ბავშვებთან ხარ, მოწყენა არ შეიძლება, თუ მოიწყენ, ან ბავშვმა იგრძნო, რომ მასწავლებელს არ აინტერესებს რასაც აკეთებს, თვითონაც არ დააინტერესებს და არ აგყვება. ამიტომ სულ ვცდილობ, რომ ბავშვებს ავყვე იმაში, რაც მათ უნდათ, მერე ნელ-ნელა ვაპარებ ჩემს იდეებს… არასდროს ვამბობ, რომ მათ ვასწავლი, იმას, რაც მათ ეხალისებათ, ყოველთვის ერთად ვაკეთებთ თამაშით. აქედან გამომდინარე, ვიზუალურადაც შემოვრჩი ისეთი, როგორიც ვარ… მოკლედ, გერმანიიდან ჩამოყვანილი ძველი „მერსედესივით“ ვარ – გარედან რომ ლამაზია და შიგნით არეული…
– მთავარია, ძრავი და ხარისხიანი საწვავი, და ისიც კარგად და დიდხანს იმუშავებს…
— კი, ძრავი მუშაობს, ბავშვებიდან რომ ენერგია და ხალისი გამოდის, იმაზე უკეთესი საწვავი არ მეგულება.
– ბატონო გრიშა, თქვენ „პიონერფილმის“ სათავეებთან იყავით და ეს ამბავი იმდენჯერ გაქვთ მოყოლილი, ყველამ იცის. მოდი, რაც ყველაზე კარგად და ხშირად გახსენდებათ, იმ ამბით დაიწყეთ…
— მაშინ ბავშვობიდან დავიწყებ. ყველაზე კარგად რა მახსოვს, იცით? პიონერთა რიგებში რომ მიმიღეს. იმ დღეს დედამ ძალიან ლამაზად გამომაწყო. მე დაბადებიდან ვარ მთაწმინდელი და პიონერთა სასახლესთან ახლოს ვცხოვრობდი. ჩემი სახლი პანთეონის წინ იყო, პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერე, როცა მეექვსე კლასში ვიყავი, ჩვენი სკოლა გოგოების სკოლასთან შეაერთეს და ბიჭებიც გადავირიეთ და უცებ ყველანი რაინდები გავხდით. სიყვარულით ვიხსენებ ანიკო კალანდაძეს, რომელიც ჩვენი დამრიგებელი იყო და ზოოლოგიას გვასწავლიდა. ძალიან კარგი კლასი გვყავდა, ერთმანეთს ყოველ წელს ვხვდებით. ახლახან ისრაელიდან ჩემი კლასელი ეთერ დავარაშვილი ჩამოვიდა, საოცრად თბილი შეხვედრა მოვუწყვეთ… ერთი ამბიდან მეორეზე რომ გადავდივარ, არა უშავს?..
გრიგოლ ჩიგოგიძე მოსწავლეებთან ერთად
– პირიქით, კარგია, ბუნებრივი და ცოცხალი საუბარი გამოდის…
— მოკლედ, იმ შეხვედრაზე გიყვებოდით, მასზე მთელი კლასი მოვიდა, შეხვედრის ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი, ჩემი კლასელი, ვახტანგ ვეფხვაძე მეხმარებოდა. ამ შეხვედრით მთელი კლასი საოცრად კმაყოფილი და ბედნიერი იყო.
– მაშინდელი პიონერთა სასახლე როგორ იყო?
— მაშინ ყველა თბილისელი დაკავშირებული იყო პიონერთა სასახლესთან, რომელიც ბორის ძნელაძის სახელობის გახლდათ. ბორის ძნელაძე ერთი ავანტიურისტი კაცი იყო, რომელმაც ხალხს უთხრა, აი, ნახეთ, ეკლესიიდან ჯვარს გადმოვაგდებ და არაფერი მოხდებაო. გადმოაგდო და მოკვდა საწყალი… მიუხედავად იმისა, რომ სასახლეს პიონერის სახელი ერქვა, ფსევდოპატრიოტები არ ვიყავით, რადგან სასახლეში ისეთი საუკეთესო მასწავლებლები გვყავდა, როგორებიც იყვნენ გულბაათ აბელიშვილი, ფაცია პაიჭაძე, ვახტანგ სულაქველიძე… ისინი ნამდვილ გრძნობას გვინერგავდნენ. ქალბატონი ლანა ღოღობერიძე იხსენებს ხოლმე – წარმოიდგინეთ, იმ დროს ქეთო ანანიაშვილი ბავშვებს გრიგოლ რობაქიძეს გვიკითხავდაო. ჩვენი დირექტორი შალვა ბერიანიძე იყო და, იცით, რა პიროვნება იყო? სასახლეში თითქმის ყველა ბავშვს იცნობდა, ყველას უყვარდა. როცა სასახლეში დავდიოდი, შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა: გამოდიოდა გაზეთი „გაზაფხული“, მუშაობდა „ინტერკლუბი“, მაშინ დაარსდა „პიონერფილმი“, ასევე სასახლის გუნდი და ანსამბლი, რომლებმაც 1957 წელს მოსკოვში ხელოვნების დეკადაზე დიდ თეატრში საოცრება მოახდინეს. ამ ანსამბლის წევრებთან დღესაც ვმეგობრობ და ყოველი წლის 2 მაისს ერთმანეთს ვხვდებით. მოკლედ, სასახლის ტრადიცია დღესაც გრძელდება და ძველი ურთიერთობები არ იცვლება.
– კიდევ რა არ იცვლება, ბატონო გრიშა?
— არ იცვლება პროფესიისადმი სიყვარული, ჩემ შემთხვევაში ბავშვებისა და სასახლისადმი სიყვარული. როცა „პიონერფილმში“ შემოდიან და ხედავენ, რომ დიდი სტუდია არ არის, გვეკითხებიან, არ გინდათ, დიდ ფართობში გადახვიდეთო? მე ვპასუხობ – არ მინდა, რადგან კარგად ვართ, ეს ჩვენი ბუდეა, აქ ყველაფერი გვაქვს და ყველაფერი ახლოსაა. ამასწინათ „სოიუზმულტფილმიდან“ იყვნენ ჩვენთან მოსულები, ბავშვებს ხვდებოდნენ და ფილმებს აჩვენებდნენ. ხომ იცით, „სოიუზმულტფილმი“ დისნეის მერე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური სტუდიაა. ფილმების ჩვენების მერე მთხოვეს, თქვენი სტუდია გვაჩვენეთო. იქ რომ ავიყვანე, სიბნელე იყო. როცა შუქი ავანთე, მათ აღტაცებისგან შესძახეს, რადგან ჩვენ სტუდიაში მართლა საოცარი გარემოა და სხვა კაბინეტებისგან ყველაფრით განსხვავდება. აქ ოჯახური ფარდები გვიკიდია, ყველა ბავშვს თავისი ჭიქა აქვს, მაგიდაზე სამოვარია. მე მინდა, ბავშვი აქ რომ მოვა, არ თქვას, სტუდიაში მივდივარო, ისეთი გარემო უნდა დახვდეს, რაც სხვაგან არ არის, თორემ კომპიუტერი და კამერა დღეს ყველას აქვს.
– ბევრი „პიონერფილმელი“ ტელევიზიაში მუშაობს, თქვენ წლების მანძილზე „მოამბეში“ იყავით, რას გაიხსენებთ იმ პერიოდიდან?
— მე მიყვარს ყველა „პიონერფილმელი“ ჟურნალისტი, ვინც კამერით ხელში დადის. როცა „მოამბეში“ ვმუშაობდი, მე ყველაზე დიდი ჰონორარი მქონდა. წელიწადში ერთი მანქანის ყიდვა შემეძლო.
– და სულ რამდენი მანქანა გაქვთ ნაყიდი?
— უკვე მეშვიდე… მაშინ არ შეიძლებოდა რაღაც „ლევი“ გაგეკეთებინა, რადგან ჰონორარი ისეთი ნორმალური გვქონდა, ამის საჭიროება არ იყო. მიუხედავად ამისა, დღემდე პატარა ბინაში ვცხოვრობ…
– „პიონერფილმის“ გადაღებული ფილმებიდან რომელს გაიხსენებთ?
— ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: მაშინ, საბჭოთა დროს მოწინავე ადამიანებს საგზურით აჯილდოებდნენ. 1983 წელს მეც დამაჯილდოვეს საგზურით და კუბაში წავედით. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი შუახევის რაიკომის მდივანი თემურ ზოიძე იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი. მან მთხოვა, მოდი, ჩვენთანაც გადაიღეთ რამეო. მე ვუთხარი, სცენარი მომეცით და კი ბატონო–მეთქი. მან გამოგვიგზავნა შუახევის გაზეთი, რომელსაც „დროშა“ ერქვა. ამ გაზეთში ერთი გოგო წერდა თავისი ოჯახის ამბავს, რვა დანი ვართ და ახლა მეცხრე – ძმა შეგვეძინა, ჩამოდით და გაგვიცანითო. მე ათ ბავშვთან ერთად შუახევში ჩავედი. ამ რვა დაზე ფილმი გადავიღეთ. რადგან მეცხრე იყო ძმა, რომელსაც დავითი ერქვა და ფილმს „დავით მეცხრე“ დავარქვით. ადრე „პიონერფილმმა“ დავითს ველოსიპედი აჩუქა. მერე, როცა მეწყერისგან სახლი დაენგრათ შუახევში, ჩვენ მიერ შეგროვილი თანხა გადავეცით. ახლა, ამდენი წლის მერე, თავში მოგვივიდა იდეა, რომ ამ თემას და ოჯახს ისევ დავუბრუნდეთ. მეწყერის შემდეგ ისინი შუახევში აღარ ცხოვრობენ და მთელ საქართველოში არიან გაფანტულები. ჩვენ ჩამოვიარეთ მთელი საქართველო ამ ბავშვებთან ერთად და მათზე გადავიღეთ. საინტერესო გამოვიდა. იმ ცხრიდან ყველამ თქვა, რომ ცხოვრება ნულიდან დაიწყო და ახლა საკუთარი სახლი აქვთ და კარგი ოჯახი ჰყავთ. იმ საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელსაც თბილისში ვატარებთ, მინდა, ისინი თავისი ოჯახებით მოვიწვიო და სცენაზე ამოვიყვანო.
– ტელევიზიის პერიოდიდან თქვენი საყვარელი გმირი ვინ იყო?
— ჩემი საყვარელი გმირი ჯანსუღ კახიძე იყო — საოცარი კაცი. ოპერის თეატრს იტალიაში ვახლდი. მახსოვს, მან ისეთი სიტყვა უთხრა დარბაზს, რომ ხალხი ააღელვა და მისმა გულწრფელობამ მათზე საოცრად იმოქმედა. კიდევ მახსენდება ოთარ თაქთაქიშვილი, რომლის ყველა ოპერის პრემიერას ვესწრებოდი სხვადასხვა ქვეყანაში. ყამირზეც ვიყავი. ტელევიზიიდან 35 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მარტო ამერიკაში ორჯერ მომიწია ყოფნა, უამრავი ადამიანური ისტორია მაქვს მოსმენილი და ბევრი საინტერესო დღე მახსოვს…
– ბატონო გრიშა, ბედნიერი კაცი ხართ…
— აბა რა, ბედნიერი ვარ! იცით, რა ლამაზი შვილები მყავს და ულამაზესი ცოლი, არ ვხუმრობ — სერიოზულად ვლაპარაკობ.
გრიგოლ ჩიგოგიძე მეუღლესთან ერთად
– თქვენი მეუღლე ალბათ არასოდეს მოიწყენს თქვენთან…
— მოითმინეთ, ახლავე ვკითხავ… ნინო, მოწყენილი ხარ ჩემთან?— არაო, გპასუხობთ…
— ძალიან კარგი, მინდა გისურვოთ, რომ დიდხანს იყოთ ასეთი ბედნიერი და ხალისიანი, ისეთი პოზიტივი გადმოდის თქვენგან, რომ გასაგებია, რატომაც უყვარხართ ბავშვებს.
– დიდი მადლობა…
ავტორი თეონა გოგნიაშვილი