„დღეს რაც არის გასაკეთებელი, ესაა საზოგადოების მაქსიმალურად დეპოლარიზაცია და გაერთიანება, კონსოლიდაცია ერთიანი პოზიტიური მიზნების ირგვლივ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
„ვინც შეცდომებს არ უშვებს, ის არაფერს აკეთებს. მგონია, რომ საკმაოდ აქტიური სამი წელი გავიარეთ. დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა საკმაოდ დაძაბული არჩევნების შედეგად. ამ კონფრონტაციულ ფონს ინერციით, ბუნებრივად გაჰყვა კონფრონტაციული ფონი გარკვეული დროის განმავლობაში. შესაძლოა, ეს პერიოდი ჩვენ ზედმეტად გავახანგრძლივეთ, ვიდრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ, ბუნებრივი შედეგიც იმისა, თუ საიდან მოვედით ჩვენ. ვფიქრობ, დღეს რაც არის გასაკეთებელი, ესაა საზოგადოების მაქსიმალურად დეპოლარიზაცია და გაერთიანება, კონსოლიდაცია ერთიანი პოზიტიური მიზნების ირგვლივ. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ შევძლო საერთო მიზნების გარშემო მაქსიმალურად მომხრობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული არ აქვთ, ან ჰქონდათ და გარკვეული იმედგაცრუება ნახეს ამა თუ იმ მიზნის სწრაფად მიუღწევლობის გამო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გაიარა ძალიან მძიმე პერიოდი, როცა რთული იყო კონცენტრირება უფრო დიდი სტრატეგიული მიზნების გარშემო, რადგან მიმდინარე საქმეებს და ამოცანებს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა.
„მე არავის დადანაშაულება არ მინდა და სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას წინა პრემიერ-მინისტრებთან ერთად ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და ერთი წამით არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ განზე ვდგებოდე. არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი, მათ შორის დაზარალებულ მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათი საკითხების გადაწყვეტა. ზოგი გადავწყვიტეთ, ზოგი ვერ გადაწყდა. ახლა მთავარია, ყველამ მაქსიმალურად შევძლოთ კონცენტრირება პოზიტივის ირგვლივ, კიდევ უფრო გავამყაროთ ის ხედვა, რომლის გარშემოც მაქსიმალურ ძალისხმევას ვიკრებთ და წარმატებით გავატაროთ რეფორმები, რომლებიც დაანონსდა. ეს იქნება ძალიან სერიოზული, ნახტომისებური განვითარების საწინდარი. მე ამის მჯერა და რომ არ მჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ძალგვიძს, ნამდვილად არ დავთანხმდებოდი ამ თანამდებობას და ამ გამოწვევებს არ ავიღებდი საკუთარ თავზე",- განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.