აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ხულოს გამგეობაში იმყოფებიან, სადაც საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ.
ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.
უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მოსახლეობას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
რაც შეეხება დაბა ქედას, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს სს „ენერგო-პრო ჯორჯია" ზემო აჭარისა და ქობულეთის აბონენტებისთვის შუქის მიწოდების დროულად აღსადგენად.
სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.
სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა ბაღსა და სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნა. ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი რაოდენობით ნალექის გამო დაგროვებული წყლის გადინება დროის მცირე მონაკვეთში შეფერხდა. შპს „ბათუმის წყლის" მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ქუჩების მონიტორინგს. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია საზოგადოებრივ ტრანსპორტს.