logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება!
- +

15 აპრილი. 2016. 21:13


 

„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კოალიცია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრისას.


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს, რაც ხანდახან,  გარკვეული საკითხის გარშემო კამათსაც არ გამორიცხავს.



„ბიძინა ივანიშვილთან მაქვს ძალიან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ჩემი დამოუკიდებლობის  შეფასება ყველაზე კარგად ალბათ ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

 

მე ყოველთვის მქონდა მასთან გულწრფელი, ღია ურთიერთობა. არასოდეს ვერიდებოდი მასთან დებატებს და არაერთ საკითხზე მქონია მწვავე კამათი. არც მისი მხრიდან ყოფილა არასოდეს ეს უარყოფითად მიღებული.

 

ის, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრად წადგენილი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. არ ვაპირებ, ტყუილები ვილაპარაკო. ეს იყო იმის შედეგადაც, რომ არასოდეს დამიმალავს მასთან ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და არც ჩემი პრინციპული აზრისთვის გადამიხვევია. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სასარგებლო ურთიერთობა.

 

რაც შეეხება მის ჩართულობას პოლიტიკაში და საარჩევნო პროცესში, ვფიქრობ, მისი ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება. ის გახლავთ „ქართული ოცნების" დაფუძნებელი და აქვს იმის მორალური უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას,  ამას ვერავინ აუკრძალავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner