ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, შსს-ს პრესსამსახურის იმდროინდელი ჟურნალისტის, გოჩა მუკბანიანის დაკითხვა 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
მოწმემ დღეს, დახურულ სხდომაზე სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. მისი ჩვენება პირველ არხს საქმის პროკურორმა გააცნო.
„მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, როდესაც ბუტა რობაქიძის და მისი თანმხლები პირების დაკავება ხდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ყოფილა. ეს მასალა მან გადაიღო და გურამ დონაძეს მისცა, მას შემდეგ კი აღარ უნახავს. მისი ოპერატორი დამატებით ახორციელებდა ვიდეოგადაღებას და უკვე ამ მასალაში აღმოაჩინეს, რომ ძირს დაყრილი იყო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.
კომენტარი არ გაუკეთებია გოჩა მუკბანიანის ყოფილ ხელმძღვანელს, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროს გურამ დონაძეს.