საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე საუბრობს. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი არჩევნებამდე საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ აქვს.
„100 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ. მთავრობაში მუშაობენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს კონკრეტულ დროში. ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ან მანამდეც არ მოხდება საკადრო ცვლილება. ასეთი რამ შეიძლება ყოველთვის მოხდეს. ყველა სამინისტროს აქვს პრიორიტეტული მიმართულებები. ყველა მინისტრმა იცის დანარჩენი მინისტრების პორტფელი; ყველა დანარჩენი მინისტრის პრიორიტეტი. ერთიანი, გუნდური შემართებით მუშაობენ, რათა გამოწვევები იქნას დაძლეული.
მთავრობაში არიან წარამტებული და ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღესდღობით ჩავთვალე, რომ გარკვეული პერიოდი გამევლო მათთან ერთად. არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება, მაგრამ ამაზე მკითხაობა არ მინდა. რომელი უფრო წარმატებულია და რომელი ნაკლებად წარმატებული, ამაზე დღეს საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული, ამიტომ არჩევნებამდე იქნება დრო, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდება გუნდის განახლება, გვეყოლებიან ძველი გუნდიდანაც წარმომადგენლები და ასევე ახალი კადრები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.