logo_geo
eng_logo
„გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და სხვები - ყოველდღე არ ბრუნდებიან თბილისში! დიდება გმირებს!“
- +

17 ოქტომბერი. 2017. 12:12


 „გული ვერ მითმენს და მაინც უნდა ვთქვა", - წერს სოციალურ ქსელში საინფორმაციო ცენტრ „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ" დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როდესაც პრეტენზია გვაქვს და გულზე მჯიღს ვიცემთ პატრიოტიზმზე, ოკუპაციაზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, გმირებზე, წინაპრებზე და ა.შ...

 

როდესაც სულ ვსაყვედურობთ უმცროს თაობას: ესენი ვინ გამოვლენ?! ესენი დაიცავენ ქვეყანას?! ამათ რა სამშობლოს სიყვარული იციან?! წინაპრების ფასი თქვენ რა იცით?! ეჰ, ერთიანი სამშობლო! აი, სოხუმში რომ დავდიოდით... აი, ჩვენი გმირი წინაპრები

 

...და სხვა არაერთი მსგავსი...

 

და სწორედ ამ დროს არანაირი ინფორმაცია არ არის სახელმძღვანელოებში, სკოლაში თუ უნივერსიტეტებში, თუნდაც ბოლო დროის ჩვენი ქვეყნის გმირებზე, სრულიად თანამედროვეებზე, აგერ სულ რაღაც 24-25 წლის წინ რომ იქცნენ უკვდავ მამულიშვილებად, არანაირ სახელმწიფო აზროვნებას არ ვაჩვევთ ბავშვებს და არ ვუხსნით, რატომ უნდა ემსახურო სამშობლოს, რატომ უნდა გიყვარდეს და თავს სწირავდე, შემდეგ კი ვთხოვთ მათ, რომ პატრიოტები იყვნენ და გულიანად გავკიცხავთ, ვანახებთ არა ფაქტებს, არამედ გვინდა, ლეგენდებით იკვებონ და ურა-პატრიოტიზმით აღსავსენი სუფრებზე გამოდიოდნენ ზედაპირული სადღეგრძელოებით, რომლებიც ისევე მიინავლება, როგორც აინთო... არადა, სულ რაღაც 24 წლის წინანდელი გმირობის ამბავი აქვეა და დღეს უკანასკნელად ჩაივლის დედაქალაქის ქუჩებს... და ეს ქალაქში საერთოდ არ იგრძნობა.... ეროვნული გმირი ჩამოვიდა დედაქალაქში და ვითომც არაფერი.. მარტო გამოსვენების წინ სახალხო სამძიმრებიც დიდი ვერაფერი მგონია.... თუ საზოგადოება ვერ გრძნობს, ვისაც ეს ხელეწიფება, მან უნდა გვაგრძნობინოს.... სახელმწიფო დროშები უნდა დაგვაშვებინოს.... დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე საპატიოდ ჩამოატარონ გმირები..... სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან წაიყვანონ ახალგაზრდები და იქნებ ასე მაინც შევახსენოთ ოკუპირებულ და ტერიტორიებდაკარგულ მოსახლეობას, რომ ამ ადამიანებმა სინდისი მოგვწმინდეს და ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის სიკვდილს დაუჩოქებლად შეეგებნენ!

 

მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ როდესაც მათ საქციელზე ვფიქრობ და ვცდილობ, გავიაზრო - ვერ წვდება გონება, როგორ უნდა უყვირო მტერს და თითი დაუქნიო, როცა გიბრძანებენ, დაიჩოქო და შეაგინო ქვეყანას! როცა იცი, უკანასკნელი შანსი გაქვს გადარჩენის!

 

მაგრამ არა.....

არასოდეს ცხოვრებაში!

არასოდეს ცხოვრებაში!

 

გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და სხვები - ყოველდღე არ ბრუნდებიან თბილისში!

დიდება გმირებს!

დიდება ერთიან საქართველოს!" - წერს ფარეშიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner