თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის პირველი ჩიხს საზოგადო მოღვაწის კოტე მახარაძის და იმავე რაიონში, ლარსის ქუჩის შესახვევს კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელები მიენიჭა.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანასა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე დეპუტატებმა „მუზეუმების გაერთიანების" შექმნისა და ასევე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ოპერატორის შერჩევის და ნარჩენების განკარგვის წესში შესატანი ცვლილებები განიხილეს და საკითხები დადებითად შეაფასეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის სხვადასხვა ფორმის იჯარით გადაცემას და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2015 წელს შესრულებული სამუშაოს წლიური ანგარიში მისმინეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ წარმოადგინა.
საკრებულოს წევრებმა ირაკლი აბუსერიძის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრად დანიშვნას დაუჭირეს მხარი, რომელმაც საკრებულოს წევრი კობა კობალაძე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დაინიშვნის გამო შეცვალა.
საკრებულოს სხდომა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.