logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ „აწარმოებს“ უმუშევარ ადამიანებს
- +

15 აპრილი. 2016. 21:42



„უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ „აწარმოებს" უმუშევარ ადამიანებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური უმაღლესი განათლების სისტემაში ძირეული რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.



„განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა წინ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს გადასადგემლი. დღეს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ „აწარმოებს" უმუშევარ ადამიანებს. შემიძლია, მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, რომლებიც ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელი გადამერწმუნებინა, არ აერჩიათ ბიზნესის სპეციალობა. საერთოდ არ მესმის, 4 წელი ბაკალავრის დონეზე რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა ბიზნესი; 18 წლის ახალგაზრდამ რატომ უნდა ისწავლოს 4 წელი ბიზნესი? ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ისინი იძენენ, არ ემყარება ფუნდამენტურ და კარგ განათლებას. ჩემი 3 შვილი წავიდა ბიზნესის მიმართულებით, ვერ დავაჯერე, რომ რაიმე კონკრეტული სპეციალობა აერჩიათ. ან აერჩიათ უფრო ზოგადი პროფილი, სადაც უფრო ფუნდამენტური მეცნიერებებია. საქარველოში ამ სპეციალობას მიჰყვება ბევრი ადამიანი და შემდგომ ისინი ფაქტობრივად რჩებიან მიმართულების გარეშე. ბევრი მათგანი რჩება უმუშევარი.

 

 

მგონია, სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს რესურსს იმაში, რომ „აწარმოებდეს" უმუშევარ ადამიანებს. სახელმწიფომ რესურსი უნდა დახარჯოს უფრო მოთხოვნად მიმართულებებზე, რომელიც დღეს უფრო მეტად გვჭირდება. მაგალითად, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 5-ჯერ მეტ დიპლომატს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია ვაკანსიები მომავალი წლისთვის.

ამიტომ რადიკალური ცვლილებები გვჭირდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner