საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ვაჟი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„11 წლის ვიყავი, ბოლოს რომ გნახე. - შენ იცი, ბოხოო, მითხარი, - თუ რამე შენ ხარ კაციო, გახსოვდესო... 24 წელი გელოდე, მამა... პატარა ბიჭი ვიყავი და ჩვენი ერთოთახიანის კარზე, ყველა დაკაკუნება შენი მეგონა, ტელეფონის ყველა ზარი-შენი მეგონა! გელოდებოდი, გელოდებოდით ყველანი - მაშინ სამნი, ახლა კი შვილიშვილები და შვილთაშვილიც... ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი ოდესმე... ვიცოდი, რომ მამაჩემი გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან ქართველ კაცებს რომ არ წაუგიათ! არასოდეს დავიჩოქებო, მამა ასე თქვი არა მხოლოდ მტრის გასაგონად, ჩვენს გასაგონადაც თქვი ეს! არც ჩვენ არ დავიჩოქებთ არასოდეს: ქართული მიწიდან ქართულ მიწას მიგაბარებთ! ყველა გემშვიდობება, როგორც გმირს, მე კი ახლა დავობლდი თითქოს...", - წერს ბოხო გაბესკირია.
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერიც აიყვანეს. სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბისკირია რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე" პასუხობს "არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!"
მის მიერ განვლილი ცხოვრების გამო ოჯახს დიდხანს არ ეჯერა, რომ აფხაზებმა გურამ გაბისკირია სასიკვდილოდ გაწირეს. 2005 წელს თბილისში ამერიკელ ფოტოხელოვან მალქომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე, ერთერთ სურათზე ის სხვა დაღუპულთა შორის ამოიცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას ოჯახის წევრს ეროვნული გმირის ორდენს გადასცემს.
კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის "დინამოს" ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის - "ცხუმის" პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.
მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში - აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.