„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა გიორგი გაბუნიას კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „რუსთავი 2"-ს დღეს აქვს საშუალება, თავისუფლად იმაუწყებლოს და საეთერო ბადეში ჰქონდეს ის გადაცემები, რაც სურს.
„რამდენიმე ვიზიტი მქონდა ამ პერიოდში ბრიუსელში და არაერთხელ მქონდა შეხვედრები, სადაც ვთხოვე ევროპელ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომ გამოეგზავნათ ჯგუფი საქართველოში, რომელიც უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა სასამართლო პროცესის. მე ნამდვილად ვერ დავაკვალიფიცირებდი ამ შემთხვევას, რომ ეს იყო შეტევა საქართველოში მედიასაშუალებაზე. საქართველოში მედიასაშუალებაზე შეტევის მაგალითები და გაცილებით მძიმე მაგალითები ჩვენ წარსულში გვინახავს და არ მგონია, რომ თავად გულწრფელად გჯეროდეთ, რომ სახელმწიფოსგან ეს იყო მედიის ხელში ჩაგდების მცდელობა.
შესაძლოა, სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის კუთხით იყო გარკვეული ხარვეზები, არ მოხდა თავიდანვე უზრუნველყოფა იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც იქნა მიღებული. პირადად გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო გარკვეული საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლებისგან შემდგარი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას.
არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს. ეს რომ ასე იყოს, ალბათ დღეს სხვა გადაცემები იქნებოდა. მგონია, რომ თქვენ გაქვთ საშუალება, აბსოლუტურად თავისუფლად გახვიდეთ ეთერში და არ მგონია, რომ თქვენზე ვინმე ზეწოლას ახორციელებდეს", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი გაბუნიას.