საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს რეფორმებზე, რომელებიც არ არის ბოლომდე მიყვანილი. მისი თქმით, შემოთავაზებულია სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომელსაც მოისმენს და გაითვალისწინებს.
„რეფორმები არ არის ბოლომდე მიყვანილი - პროკურატურა, სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მითუმეტეს, არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლო რეფორმა. სასამართლო არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია განცდა, რომელიც საზოგადოებაში იქნება ამ ინსტიტუციის მიმართ. მეც მაქვს იმის განცდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, არ მქონია საკმარისი დრო იმისთვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ღრმად გავცნობოდი სისტემას. მაქვს აქტიური განხილვა სასამართლო რეფორმისა, უახლოეს პერიოდში ალბათ მექნება შეხვედრა კოალიცია „ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან და ამ პრობლემას განვიხილავთ.
შემოთავაზებულია სხვადასხვა გადაწყვეტილებები, დიდი ინტერესით მოვისმენ ამ წინადადებებს. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის დოგმა. რეცეპტს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ განცდა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, დიდი პრობლემაა და ეს ამა თუ იმ გზით შესაცვლელი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.