logo_geo
eng_logo
ჯანსაღი ცხოვრება, განათლება და ქალაქის კულტურული პოტენციალის წარმოჩენა – კახა კალაძის კიდევ ერთი გზავნილი
- +

19 ოქტომბერი. 2017. 11:17

 


საბავშვო ბაღების დეფიციტის აღმოფხვრა, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - ეს ის საკითხებია, რომელთაც კახა კალაძის პროგრამულ ხედვაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე დღის წინ თბილისელებს განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკა წარუდგინა.


ყოფილი სპორტსმენი, მთელი რიგი პრიორიტეტული საკითხების გარდა, ყოველთვის უსვამს ხაზს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ სპორტული ცხოვრება ადამიანს ცხოვრების ყველა ეტაპზე და ყველა სფეროში ეხმარება. მისივე თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართვას პირადად აპირებს და ქალაქში აქტიურ კამპანიას გეგმავს.


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის პროგრამული ხედვა, მთლიანობაში, სწორედ ადამიანის ცხოვრებისთვის სასურველი და ჯანსაღი  გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. გარკვეული დოზით, შვიდივე პოლიტიკა შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ელემენტს.


გარდა იმისა, რომ თბილისის განვითარების კალაძისეული გეგმა დედაქალაქში მეტი სივრცის შენარჩუნების, ქაოსური მშენებლობების აღკვეთის, მავნე გამონაბოლქვის შემცირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული, ამას ემატება ვრცელი მწვანე სივრცეებისა და მასშტაბური გასართობ-რეკრეაციული ზონების შექმნა.


მათ შორის ერთ-ერთია „რადიოქალაქი", რომელიც კახა კალაძის ექსკლუზიური პროექტია. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ პროექტის განხორციელების შედეგად არა მარტო მუხიანის მცხოვრებთათვის, არამედ ყველა თბილისელისთვის შეიქმნება განსაკუთრებული ადგილი, რომელიც თანაბრად მოიცავს როგორც გასართობ-რეკრეაციული, ისე სპორტული აქტივობებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებს.


როგორც პროექტის ამსახველი ვიდეოკლიპის პრეზენტაციამ დაადასტურა, მისი განხორციელების შემთხვევაში არა მარტო დასვენებისა და გართობისთვის იქმნება შესანიშნავი სივრცე, არამედ ახალი არეალი იშლება ხელოვანი ადამიანებისთვის, რომლებსაც „რადიოქალაქის" საგამოფენო დარბაზებში საკუთარი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა ექნებათ.


მწვანე სივრცეების შექმნის გარდა, კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებითაც ქალაქის ყველა უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს.


განათლებაზე, კულტურასა და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. „ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ - ყველა რაიონში მოხდება თანაბარი განვითარება. ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი საკუთარ უბანში უნდა იგრძნოს", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.


როგორც კახა კალაძე ამბობს, ამ მიმართულებით დედაქალაქი ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს. პირველ რიგში, მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსებს თბილისის ათივე რაიონში. „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული კომპლექსები ორიენტირებული იქნება სპორტულ ცხოვრებაში ყველა თაობის ჩართვაზე.


ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის თბილისის მერობის კანდიდატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ასევე, ველოკულტურის განვითარებას და ველობილიკების მოწყობას.


რაც შეეხება განათლებას, თბილისის მერობის კანდიდატი განსაკუთრებულ ყურადღებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ამახვილებს.


„ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული. ამიტომაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება", - აღნიშნა პრეზენტაციაზე კახა კალაძემ.


ამ რაოდენობას თუ თბილისის 10 რაიონზე გავანაწილებთ, თითო რაიონში საშუალოდ 3 საბავშვო ბაღის მშენებლობას უნდა ველოდოთ, რაც ადგილების დეფიციტს არსებითად შეამცირებს.


თბილისის მერობის კანდიდატს არც კულტურული ნაწილი გამორჩენია, განსაკუთრებით კი მუნიციპალური მუზეუმები.


„თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად გეგმავს, მუზეუმების როლი განსაკუთრებული იქნება.


თბილისის მერობის კანდიდატმა, ამასთან, ხაზი გაუსვა სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და ქალაქში სხვადასხვა ფესტივალის დაარსების საჭიროებას.


კახა კალაძის მოსაზრებით, ყოველივე ეს ქალაქის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობას არსებითად გაზრდის.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner