„მე მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით", - ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში ეცდება, გაავაკეთოს ის, რაც იქნება სწორი და ოთხი წლის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.
„გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული წინა პერიოდში, არავითარ შემთხვევაში არ ბადებდა არასტაბილურობის განცდას. გადასვლის პროცესს არანაირი რყევები არ გამოუწვევია. იყო სხვა გამოწვევები, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას და მან თავისი სიტყვა შეასრულა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან დიდი მიღწევა იყო ის ტექნიკური ანგარიში, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნდა.
დღეს გვაქვს ახალი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მზად ვარ. ჩემი ამაზე დათანხმება მარტივი არ იყო, რადგან ამ თანამდებობაზე მუშაობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში. ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
მე მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით. ქვეყანაში დავასრულოთ კონფრონტაცია, სიძულვილის განცდა ადამიანებს შორის და ძალიან სწრაფი, განვითარების მიმართულებით გადავდგათ ბევრი ნაბიჯი. იმის გამო, რომ ოთხი წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, არცერთ კომპრომისს არ გავაკეთებ - ეს არის ჩემი დაპირება. ვეცდები, ამ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთო ის, რაც იქნება სწორი და ოთხი წლის შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. სწორია, ერთ საარჩევნო ციკლზე ვიფიქროთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.