logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: შავი „ჯიპები“ დასანახად მეზარება
- +

15 აპრილი. 2016. 22:53


 

„ეს არის გარკვეული ნაპრალი, თუ გავითვალისწინებთ მთავრობასა და მოქალაქეების ცხოვრების საშუალო დონეს", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო გუნდში შავი „ჯიპების" პრობლემას და აცხადებს, რომ შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას და „ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემცირებას.


ამის შესახებ პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.


„შესაძლოა, ეს გახლავთ იმის მიზეზიც, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიძლება აღარ იყვნენ იმდენი, რამდენიც იყვნენ არჩევნების მოგებისას. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ვფიქრობ, აქ  ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები. საერთოდ, პირადად მე შავი „ჯიპები" დასანახად მეზარება. შავი მანქანაც აღარ მიყვარს. მგონია, რომ ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი. საკმაოდ ჩამოყალიბებული, მკაფიო გეგმა გაგვაჩნია იმ სტანდარტებზე, რომლებიც უნდა იქნას სახელმწიფო ბიუროკრატიაში.

 

არაერთხელ მისაუბრია ჩემს თანამოაზრეებთან, რომ ქვეყანაში, სადაც საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არ არის მაღალი და ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, არ შეიძლება იყოს ამ დონის გარემონტებული ოფისები. ვსაუბრობ როგორც ჩვენს მთავრობამდე გარემონტებულ ოფისებზე და მას შემდეგაც იყო გარკვეულწილად რაღაც მიმართულებები, სადაც შეიძლებოდა ცოტა უფრო თავმდაბალი გადაწყვეტილებები მიეღოთ. ამიტომ ამას ღიად ვამბობ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


რაც შეეხება პრემიებისა და ხელფასების საკითხს, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიების ნაწილში გადამეტებაზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს. თუმცა, მისი თქმით, ეს არის კონკრეტული შემთხვევები.


ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შემცირდეს თუ არა საბიუჯეტო ხარჯები, კვირიკაშვილი პასუხობს, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასები არ უნდა შეუმცირდეთ.


„რაც შეეხება ანაზღაურებას, ამ საკითხში ვერ დაგეთანხმებით. შეიძლება იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც იყო გადამეტებული პრემიები. ვიცი მე ასეთი კონკრეტული შემთხვევები. მაგრამ, ხელფასების შემცირება, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამუშაო ძალის კონკურენტულ ბაზარზე. სამუშაო ძალაში მნიშვნელოვან კონკურენციას გვიწევს კერძო სექტორი და თუკი ჩვენ კვალიფიკაციის დონეს დავწევთ საჯარო სექტორში, ძალიან გაგვიჭირდება კვალიფიციური ადამიანების მოყვანა. თუმცა, მთლიანობაში, ბიუროკრატიის ზომა და მასშტაბები შესამცირებელია და ეს გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი მმართველობის რეფორმის, როდესაც ჩვენ შევქმნით ერთიან მომსახურების წინახაზს, სადაც მთავრობა გახდება უფრო მომსახურებებზე ორიენტირებული. ეს თავისთავად მთავრობაში გამოიწვევს მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner