მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორის ბონდო მძინარაშვილის შეკითხვაზე საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით - იყო თუ არა თინა ხიდაშელის არჩევნებში აქტივობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხი პროკურატურამ უკვე გამოიკვლია და დასკვნის თანახმად, საგარეჯოს არჩევნებში დარღვევები არ აღმოჩნდა.
„რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საგარეჯოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მოგეხსენებათ, რომ სარჩელი შეტანილ იქნა პროკურატურაში, პროკურატურამ გააკეთა წინასწარი მოკვლევა და იქ დარღვევები არ იქნა აღმოჩენილი. ამ მიმართულებით თემის გაგრძელება არ არის სწორი, რადგან თუ პროკურატურა ვერ პოულობს დარღვევის ნიშნებს, საუბარი აღარ უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს „ქართული ოცნება" და რესპუბლიკური პარტია ერთდროულად პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში იმყოფებიან.
„შეუძლებელია, ჩვენ შეგრძნებებით ვილაპარკოთ სამართლებრივ კატეგორიებზე. რაც შეეხება „რესპუბლიკელი" მინისტრების ყოფნას ხელისუფლებაში, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები, ეს არის ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ დროის განვალობაში თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.