logo_geo
eng_logo
კოტე შარაშენიძე: ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ არჩევნები მოვიგო და ოზურგეთის მერი გავხდე!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 20:33

 


გურულები თავიანთ სიმკვირცხლეს, ტრადიციულად, პოლიტიკაშიც ავლენენ და გამონაკლისი არც კარსმომდგარი თვითმმართველობის არჩევნებია. კერძოდ, „ქართული ოცნების" ფავორიტ ბეგლარ (ბეგი) სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე (კოტე) შარაშენიძეს შორის ოზურგეთის მერობისათვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული და ოპონენტები ერთმანეთისათვის მწვავე პოლიტიკური ბრალდებების წაყენებასაც არ ერიდებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე „ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც მმართველი პარტიიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ოზურგეთის მერობაზე დამოუკიდებლად კენჭისყრა გადაწყვიტა.


კოტე შარაშენიძე: - 2012 წელს ოზურგეთში „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და პარტიის თავმჯდომარე გავხდი, ხოლო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო შტაბსაც ვხელმძღვანელობდი. 2012 წლის დეკემბერში ოზურგეთის საკრებულომ რაიონის გამგებლად ამირჩია და ამ თანამდებობაზე წელიწადი და ხუთი თვე დავყავი, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ კანდიდატად აღარ დამაყენა.


- ოზურგეთის გამგებლის პოსტზე თქვენი მუშაობით „ქართული ოცნება" უკმაყოფილო იყო?

 

- ჩემი მუშაობით უკმაყოფილების საფუძველი არავისთვის მიმიცია, პირიქით, ოზურგეთისა და ოზურგეთელებისათვის, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, 2014 წელს „ქართული ოცნება" უკვე ის „ქართული ოცნება" აღარ იყო, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა უდიდესი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი. დიახ, პარტია ნელ-ნელა პორტირებული ნაცების ბუდედ გადაიქცა, ხოლო „ოცნების" ნამდვილი და ერთგული წევრები - ძირითადი ბირთვი, რომლის მხრებზეც 2012 წელს ნაციონალებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ გადაიარა, უკანა პლანზე გადასწიეს.


სწორედ ასეთი არასწორი და უსამართლო საკადრო პოლიტიკის ცოცხალი ნიმუშია ბეგი სიორიძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2014 წელს ძლივს გაიყვანა ოზურგეთის მერად და ახლაც სწორედ ის არის ხელისუფლების კანდიდატი.


- ბეგი სიორიძეს რაში ადანაშაულებთ?

 

- სიორიძეს მე კი არა, მთელი ოზურგეთი ადანაშაულებს იმაში, რომ მას, როგორც მერს, მთელი სამი წლის განმავლობაში, ოზურგეთელებისათვის არაფერი გაუკეთებია და ჩვენი რაიონი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ბეგი სიორიძე წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო და 2012 წელსაც მაქსიმუმის მაქსიმუმს აკეთებდა იმისათვის, რომ ოზურგეთში „ქართულ ოცნებას" არჩევნები წაეგო.


- თუმცა, ფაქტია, რომ 2014 წელს ოზურგეთელებმა სიორიძეს ნდობა გამოუცხადეს და თავიანთ მერად აირჩიეს!

 

- 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბეგი სიორიძემ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა - პირველ ტურში ხმების მხოლოდ 32 პროცენტი მიიღო და ისიც - პარტიის ხარჯზე, თორემ მისი პიროვნული რეიტინგი ნულის ტოლი იყო. მერად მუშაობის სამი წლის განმავლობაში სიორიძემ ოზურგეთელებს თავისი რეალური სახე ბოლომდე დაანახვა და დღეს ოზურგეთში მის მიმართ უკიდურესი პროტესტია. კიდევ გეუბნებით - ჩვენი რაიონი სავალალო მდგომარეობაშია!


-  რატომ გადაწყვიტეთ, რომ ახლანდელ არჩევნებში დამოუკიდებლად გეყარათ კენჭი ოზურგეთის მერობაზე?

 

- ამომრჩევლის წინაშე სხვა პარტიიდან ნამდვილად ვერ წარვდგებოდი, რადგან „ქართული ოცნება" ჩემთვის პარტია არ ყოფილა, „ქართული ოცნება" ჩემთვის სახალხო-ეროვნული მოძრაობა იყო და მეამაყება, რომ ყველაზე მძიმე და საშიშ დროს სწორედ მე ვიყავი ოზურგეთში ამ სახალხო-ეროვნული მოძრაობის ფუძემდებელი და ხელმძღვანელი.


თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი განვლილი ცხოვრებით, ოჯახიშვილობითა და დიდი გამოცდილებით, ნამდვილად გამაჩნია იმის რესურსი, ოზურგეთსა და ოზურგეთელებს სასიკეთოდ ვემსახურო.


- გაქვთ კი არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვების შანსი?

 

- დიახ, ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ არჩევნები მოვიგო და ოზურგეთის მერი გავხდე! არ ვამბობ, რომ ჩემს რაიონში ყველაზე უკეთესი ვარ, მაგრამ სხვა კანდიდატებთან და, მათ შორის, ძირითად ოპონენტ ბეგი სიორიძესთან უდიდესი უპირატესობა მაქვს!


აღსანიშნავია, რომ სიორიძე ბინძურ თამაშზეა გადასული და ისეთ რაღაცებს კადრულობს, არც პოლიტიკისა და არც კაცობის ჩარჩოებში რომ არ ჯდება, მაგრამ უღირსი მეთოდებითაც ვერ გავა ფონს, რადგან ოზურგეთელები ყველაფერს კარგად ხედავენ და სწორად აფასებენ.


აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე არც მთავრობას ვებრძვი და არც პარტია „ქართულ ოცნებას", პირიქით, ოზურგეთის მერის პოზიციიდან ხელისუფლებასთან აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაპირებ.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner