„არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ მე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დამკვირვებელი ვარ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელმაც მთავრობის მეთაურს უთხრა, რომ ის პროცესების დამკვირვებლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„გარკვეული დრო არის საჭირო, რომ ლიდერის შესახებ დასკვნები გააკეთო. შესაძლოა, თქვენთვის ეს დრო ჯერ არ გასულა. გარკვეული დროის შემდეგ თქვენც გააკეთებთ დასკვნას, რომ მე დამკვირვებელი არ ვარ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი რადიკალურად დასავლური ორიენტაციის მხარდამჭერია.
„გულწრფელად გეტყვით, ამაზე საუბარი არაერთხელ გვქონია და უფრო მეტსაც გეტყვით, ის კიდევ უფრო რადიკალურად მხარდამჭერია დასავლური ორიენტაციის, ვიდრე ბევრი ადამიანი, ვინც ამის დეკლარირებას აკეთებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.