მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ციხეში ყოფნის პერიოდი და ის გაუსაძლისი პირობები გაიხსენა, რა პირობებშიც უხდებოდა ყოფნა წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამის შესახებ თათარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.
„ისეთი ხმები შემოდიოდა საკნებიდან, რომ მე მტკიოდა ძვლები. 25 დღე მარტო თბილ ჩაის ვსვამდი. იმ საჭმელს რომ ვუყურებდი, მართლა ცუდად ვხდებოდი. არ შემეძლო გადაყლაპვაც კი, მერჩივნა მეშიმშილა.
დედაჩემს ჩემი დაჭერის პირველსავე დღეს პარკენსონი დაემართა. უფრო უარესსაც გეტყვით, მე ვზრდი ჩემს დისშვილს, ისიც თეიმურაზ თათარაშვილია. ჩემი წასვლის შემდეგ, დაიჭირეს ბავშვი და აიძულებდნენ დაეწერათ, თითქოს მე ნარკოტიკს ვაგზავნიდი. ისე სცემეს, რომ დღეში ხუთჯერ დიაბეტს იკეთებს", - განაცხადა თათარაშვილმა.