ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამადოვმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" დაბა სიონში 30კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 497 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.
სოფელ ჩანადირთკარის მიმართულებით 10,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 155 პოტენციურ აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში.
„ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების სამუშაოებს და 2013 წლიდან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 200 ათასი აბონენტი. 2014 წელიდან კი, ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა და მოსახლეობას აქვს საშუალება ისარგებლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
2013 წლიდან დღემდე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ განხორცილებულმა ინვესტიციამ 7 მლნ ლარი შეადგინა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის კი 7,7 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათასამდე აბონენტს მიეცა.