logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმას მისცემს კახი კალაძეს რამდენიმე მიზეზის გამო...
- +

20 ოქტომბერი. 2017. 15:23


ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


რატომ აირჩევს თბილისი კალაძეს (და რას ელის კახისგან მისი ელექტორატი)...

 

ხვალ თბილისი ახალ მერს აირჩევს. ამომრჩეველთა უმრავლესობა დიდი ალბათობით, ხმას მისცემს სახელისუფლებო კანდიდატს - კახი კალაძეს.

 

ასეთ არჩევანს თბილისი გააკეთებს რამდენიმე მიზეზის გამო:

 

1. კალაძე სახელისუფლებო კანდიდატია.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მოსახლეობა ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, ნარმანიას უფრო უინიციატივობისთვის და მოუქნელობისთვის აკრიტიკებდნენ, ვიდრე რამე დანაშაულისთვის. უფრო მარტივად რომ ითქვას, დედაქალაქში არის აქტიური რეფორმების და არა მმართველი ძალის შეცვლის მოთხოვნა. თბილისს რა პრობლემებიც აწუხებს, ეს იცის ყველა კანდიდატმა, ეს ასახულია მათ დაპირებებშიც და ამიტომაც, უმრავლესობის გეგმები მეტნაკლებად მსგავსია. პოლიტიკურად არააქტიური ამომრჩეველის დიდი ნაწილი გამორჩეული საფრთხის არარსებობის და დაპირებების იდენტურობის ფონზე არჩევანს გააკეთებს იმაზე, რომელსაც პოტენციურად ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს შეასრულოს დაპირებები. ასეთი კი ტრადიციულად სახელისუფლებო კანდიდატია. ცნობიერის გარდა, მოქმედებს ქვეცნობიერიც და ელექტორატის ნაწილი ავტომატურად აძლევს ხმას მმართველი ძალის კანდიდატს.

 

2. ოპოზიციური კანდიდატებიდან არ არის გამორჩეული ლიდერი და ვერც იქნებოდა. ხელისუფლების ოპოზიცია იყოფა სამ ნაწილად - რადიკალებად, ლიბერალებად და კონსერვატორებად.

 

ნაციონალების ელექტორატი განაწილდება „ნაცებს" და „ევრონაცებს" შორის. პირველს მხარს დაუჭერენ რადიკალი ნაცები, მეორეს ზომიერები.

 

ზომიერი ნაცები შედიან ე.წ. „შუაშისტ ლიბერალთა" სეგმენტში, რომლის ნაწილი ხმას მისცემს ელისაშვილს. ანუ ხოშტარია და ელისაშვილი ერთმანეთს ხმებს წაართმევენ, ნარჩენებს გაინაწილებენ ამავე სეგმენტში მყოფი ვაშაძე და უსუფაშვილის „შენების მოძრაობა". რესპუბლიკელებს ფაქტიურად არაფერი შეხვდებათ.

 

კონსერვატიულ სეგმენტში ლიდერ ირმა ინაშვილს სუსტ კონკურენციას გაუწევენ კუკავა და გუგავა.

 

ოპოზიციის ასეთ სიჭრელეს არ აქვს არათუ გამარჯვების, არამედ მეორე ტურის მიღწევის შანსიც.

 

3. მესამე მიზეზია „ოცნების" ამომრჩევლის მხრიდან „ოცნებისთვის" და პირადად კალაძისთვის ნდობის ავანსის მიცემა. ამომრჩევლის ეს სეგმენტი კალაძისგან ელის რეფორმებს, როგორც თბილისში ასევე პარტიაში. რელურად, კალაძეზეა დამოკიდებული თუ რა შედეგები დაიდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. „ოცნების" ელექტორატს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება საკუთარი რწმენის და არჩევანის გამყარების არგუმენტი. 2020 წლისთვის „ნაცების" ბოროტობა და ჯალათობა არგუმენტად ვეღარ ივარგებს, საჭირო იქნება ახალი კოზირები და ახალი არგუმენტები. წესით, ეს თავად კალაძემაც კარგად იცის. თუ არ იქნება რეფორმატორული მიდგომა, აღარ იქნება ავანსებიც.

 

აშკარაა, რომ წინასაარჩევნო პროცესი თბილისში მშვიდ ჩამთავრდა, არჩევნებიც მშვიდად ჩაივლის და მაშინვე დაიწყება ოპოზიციის და ხელისუფლების მზადება უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთსაც და მეორესაც მოუწევს სრულიად ახალი სტრატეგიის შემუშავება გასამარჯვებლად. ქვეყანა შესულია სხვა, დემოკრატიულ რეალობაში, სადაც უკვე აღარ არსებობს მკვეთრი კონტრასტები გამოკვეთილი ბოროტითა და კეთილით. საპარლამენტო არჩევნებამდე ეს კონტრასტები კიდევ უფრო გადავა სხვადასხვა ტონებში და საზოგადოებას მოუწევს, კეთილი ინებოს და არჩევანი ამ ტონებში და არა კონტრასტებში გააკეთოს. ეს კარგია, ეს საზოგადოების პოლიტიკური კულტურის პროგრესის ნიშანია", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner