„ვეფხისტყაოსანი" გრაფიკულ რომანად - როგორ იქმნება რუსთაველის ქართულ-არაბული ზღაპრული სამყაროს კომიქსი?
მხატვარი დათო მაჭავარიანი რუსთველის გავლენის ქვეშ 2011 წელს მოექცა. როდესაც "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი გამოცემის ილუსტრაციებზე იმუშავა, მისმა სიუჟეტმა და გმირებმა ახალი აზრი უკარნახა.
ამბობს, რომ ეს მისი ყველაზე დიდი განაცხადი და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. მისი თქმით, პოემის გრაფიკული რომანის სახით არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ კომიქსის ჟანრს საქართველოში არც ისე სერიოზულად აღიქვამენ. თავიდან 300-გვერდიან წიგნზე ფიქრობდა, საბოლოოდ კი, პოემის შინაარსის 134 ნახატ გვერდზე დატევა გადაწყვიტა.
"ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული რომანისთვის დათო მაჭავარიანს რამდენიმე ნამუშევარი უკვე მზად აქვს, თუმცა წინ 100-ზე მეტი ნახატი გვერდი და 12 თვეა. როგორი გამოვა ქართულ-არაბული ზღაპრული გარემო, ამჯერად, უკვე გრაფიკული წიგნისთვის, ამას წიგნის გამოსვლისას ვნახავთ, რაც მომავალი წლისთვის იგეგმება.