logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს სიკეთე ჩვენი აფხაზი დებისა და ძმებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი
- +

20 თებერვალი. 2016. 18:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამეგრელოში კიდევ ძალიან ბევრი პროექტია  დაგეგმილი, რომელსაც მთავრობა ყურადღებას მიაქცევს, რათა ყველა სიკეთე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.


პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ახსენა 20 წლის ნემო ჯალაღონიას მცირე საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა:


„მისი მამა გახლდათ დურგალი და მან მამის ძველებურ დაზგას რამდენიმე ძალიან თანამედროვე დანადგარი მიუმატა. ეს 20 წლის ახალგაზრდა დღეს უკვე ასაქმებს სხვა ადამიანებსაც და უშვებს ძალიან ლამაზ ხის ჩარჩოებს, სკებს და ხის სხვადასხვა პროდუქციას. ეს არის პროგრამა, რომელშიც 1700-ზე მეტი ასეთი მიკრომეწარმე გვყავს დასაქმებული. ეს პროექტი სამაგალითო უნდა იყოს რეგიონში, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან შესაძლებლობები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამები იძლევა, ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეწარმეობის სულისკვეთების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ნემო ჯალაღონია უნდა იყოს მაგალითი ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან საკუთარი ცხოვრება, ოჯახი გამოკვებონ და დაასაქმონ სხვა ადამიანები ასეთი პროგრამების მეშვეობით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რუხის სავაჭრო ცენტრზე, რომლის მშენებლობაში საპარტნიორო ფონდმა 15-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.


ამასთანავე, სოფელ რუხში შენდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად, აფხაზეთის მცხოვრებლებს მოემსახურება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან შენდება ასეთი დატვირთვის სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა ერთად ისარგებლონ მომსახურებებით და საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. იქ უკვე არის შესული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ნიშანი, რომლებმაც საკუთარი სავაჭრო ცენტრები გახსნეს. ასევე გაიხსნა ავტომობილების მომსახურების ცენტრი. ეს ძალიან კარგია, ვინაიდან 1000-ზე მეტი ადამიანი უახლოეს დღეებში დასაქმდება"", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


ამასთან, პრემიერი ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც მისი შეფასებით, უმაღლესი და პროფესიული განათლება კარგად არის კომბინირებული.


„ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი განათლების სისტემა. მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად, პარტნიორობით ამზადებს მომავალ, პროფესიული განათლების მქონე ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ საქმდებიან. ძალიან კარგია, რომ უნივერსიტეტში მთელი ავეჯი და აღჭურვილობა შექმნილია სტუდენტების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უნივერსიტეტი, სადაც განათლებას იღებს ჩვენი დევნილი მოსახლეობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner