logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კახა კალაძემ, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა, გადაწყვიტა, რომ...
- +

23 ოქტომბერი. 2017. 16:44


 

„კახა კალაძემ, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა, გადაწყვიტა და ვფიქრობ, ძალიან სწორი სვლა გააკეთა, რომ ყოველგვარი აგრესიული ელემენტებისგან გაეწმინდა თავისი წინასაარჩევნო კამპანია, რამაც ძალიან გაამართლა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „tv-პირველის" ეთერში განაცხადა. აქვე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ახალი, პოზიტივზე დამყარებული პოლიტიკური კულტურის დანერგვა დაიწყო, რომელმაც მისივე თქმით, გაამართლა.

 

„თუ ყველა წინასაარჩევნო პერიოდში ოპონენტების მოგონილ პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეინიშნებოდა გარკვეული პასუხი, მათ შორის მკვეთრი და ხისტი, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახას და ჩვენ, პრაქტიკულად, არც კი გვიხსენებია ოპონენტების სახელები და გვარები. აბსოლუტურ პოზიტივზე და მომავლის ხედვებზე იყო აწყობილი საარჩევნო კამპანიის 99%.

 

დიდი სიამოვნებით შევახსენებდი 9-წლიან რეჟიმს ჩვენს იმ ოპონენტებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 2012 წლამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ამაზე ხაზგასმას ძალიან ხშირად თავს ვანებებთ ხოლმე, რადგან ეს წარსული ჩვენს მოსახლეობას ისედაც კარგად ახსოვს. ამ შემთხვევაში, იმ ტაქტიკამ, რომ ჩვენ მხოლოდ რეალურ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვლაპარაკობთ, გაამართლა.

 

აქვე, მინდა კომპლიმენტი ვუთხრა საზოგადოების თითოეულ წევრს. მათ სწორად გაიგეს ეს კამპანია და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის გამოწვევა - დაინერგოს ახალი საარჩევნო კულტურა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი. ეს არის ჩვენი ეროვნული, ტრადიციული წარსული, რადგან ქართველი კაცი ყოველთვის იყო ტოლერანტი და შემწყნარებელი. ჩვენ აგრესიაზე არ გადავსულვართ. ყველა მესიჯი იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერი პროექტი, მათ შორის მკვეთრი ოპონენტის მიერ შემოთავაზებული, იქნება განხორციელებული, თუ ის იქნება რაციონალური და ჩვენი ქვეყნის მომავალს გამოადგება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner