ავტორი მარიამ პაიჭაძე
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბარში „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატთან კახა კალაძესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ კალაძის მერობის პერიოდში თბილისი ხარისხობრივად განსხვავებული ქალაქი გახდება.
„კახი კალაძე არის სამაგალითო კაცი მთელი თავისი ცხოვრებით. თავისი შრომით, თავისი ნიჭით და მიზანსწრაფულობით გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი სპორტსმენი. მისი მიღწევები მარტო ნონა გაფრინდაშვილისა და ზაზა ფაჩულიას მიღწევებს შეიძლება შეადარო. ორგზის ევროპის ლიგის თასის მფლობელი საქართველოს არ ჰყავს და როდის ეყოლება, კაცმა არ იცის. მან სახელი გაითქვა არამარტო როგორც კარგმა სპორტსმენმა, არამედ, როგორც გონიერმა ადამიანმა. როდესაც ისეთ წარმატებულ ადამიანებთან, როგორებიც არიან არმანი და ბერლუსკონი, მეგობრობ და ეს ყველაფერი შენს ნიჭსა და უნარზე არის დაფუძნებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ნიჭი და უნარი ძალიან მაღალი ხარისხის არის.
კახა კალაძე არის ერთადერთი კაცი საქართველოს ფეხბურთში, რომელმაც გაბედა და თავისი მეგობარი, გიორგი დემეტრაძე დაიცვა მაშინ, როდესაც მძვინვარებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი! ერთადერთი კაცი, რომელმაც გაბედა და სახალხოდ აიმაღლა ხმა დაუმსახურებლად დასჯილი თავისი მეგობრის გამო. მაშინ, როდესაც სხვა მეგობრებმა პრაქტიკულად ტაში დაუკრეს დემეტრაძის დაჭერას.
კახი კალაძე არის კაცი, რომლის ოჯახიც ვერ შეინახა ქართველმა საზოგადოებამ და ვერ უზრუნველყო სიმშვიდე მის ოჯახში, როდესაც საქართველოს სახელს იცავდა მთელ მსოფლიოში. არასოდეს დამავიწყდება, როგორ იდგა კახი კალაძე საქართველოს ნაკრების მაისურით, გუნდის კაპიტნის სამკლაურით და ცრემლები მოსდიოდა საქართველოს ჰიმნზე. ჩვენ ყველანი ვართ იმ ტრაგედიის თანამონაწილე, რომელიც კალაძეების ოჯახს დაატყდა თავს.
კახი კალაძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გაბედა და მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში ჰკითხა გირგვლიანის საქმეზე. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ იყო, რომ კალაძემ, ფაქტობრივად, სამტროდ გადაიკიდა ძალიან სახიფათო ბანდა „ნაციონალური მოძრაობის" სახით.
ყველაფერი ეს შეიძლება ორ-სამ პარტიას ერთად არ გაუკეთებია, რაც ერთმა კახი კალაძემ გააკეთა ამ ასაკში. აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ძალიან სერიოზული სფერო ებარა - ენერგეტიკა, ქვეყნის ვიცე-პრემიერი იყო.
საქართველოში, მერის არჩევნებზე ასეთი სერიოზული, გააზრებული პროექტებით და კარგად შესწავლილი თემებით ადამიანი წარმდგარიყო, მე არ მინახავს. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ თბილისი კახი კალაძის ხელში ხარისხობრივად სხვა ქალაქი იქნება. ყოველთვის ვიყავი კახი კალაძის მხურვალე გულშემატკივარი და ყოველთვის ვიქნები. კახი კალაძეს ჰყავს მშვენიერი ოჯახი, ყველაფრით გამორჩეული ქართველი კაცია და რაც მთავარია, მას კაცური ღირსებები გააჩნია - იცის ერთგულება, სიყვარული, მეგობრობა, სამშობლოსთვის თავდადება და თავგანწირვა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.