უკვე მერამდენედ ვწერ: ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი სასიქადულო ოპოზიცია გაბითურდა. გაცვეთილმა სახეებმა კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი. თუმცა ისინი ზურგზე მაინც არ ეცემიან და განაგრძობენ ტრაბახს, რომ გაუყალბეს, რომ არ დაინდეს, რომ მოსახლეობა იყიდეს და ასე შემდეგ. არც ერთ მათგანს არ დაცდენია, რაც რეალურად მოხდა, ჩვენი სისუსტის ბრალია, რაღაცას ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა, ეტყობა, ხალხს სხვა ენაზე ველაპარაკებით და ამიტომაც დავკარგეთ ნდობაო. არა, ესენი პირიქით ამტკიცებენ, იქით იბრიქებიან, რომ არა გაყალბება, პირველ თუ არა, მეორე ადგილზე მაინც გავიდოდით, საკრებულოების დიდი ნაწილი ჩვენი იქნებოდაო. მეტიც, ე.წ. ლიდერთა დაბჭომ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და თურმე საპროტესტო აქციებს იწყებს. რა აქციები, რომელი ატამი და რაის ტყემალი ბლის კურკით? როგორ უნდა დაიწყო აქციები, როცა ქუჩაში 100 კაცის გამოყვანის თავიც კი არ გაქვს?!
ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავითაია და... სხვები, თანაც ისეთები, გვარ-სახელებსაც რომ ვერ დაიმახსოვრებ. თურმე, ამ ადამიანებმა, თითო-ოროლა პროცენტიც რომ ვეღარ აუღიათ ბოლო რამდენიმე არჩევნებში, დაასკვნეს, რომ ხელისუფლების შეცვლის საარჩევნო პერსპექტივა 21 ოქტომბერს, 20:00 საათზე პრაქტიკულად გამოირიცხა და თავიანთ ამომრჩევლებს შემართებისკენ მოუწოდეს. რას ნიშნავს შემართება? რევოლუცია უნდა მომზადდეს? არ გამოვა მაი ამბავი, რევოლუციას სჭირდება ან იარაღი, ან კიდევ ხალხის ისეთი ნდობა, რომ ერთ დაძახილზე 100 ათასობით ადამიანი გამოვარდეს გარეთ. ამ შემთხვევაში კი არც იარაღია, არც ნდობა.
ჰო, თურმე ლიდერთა საბჭოში შედიან კახა კუკავა და გიორგი ვაშაძეც. როგორც გიორგი ვაშაძემ და კახა კუკავამ აღნიშნეს, საკუთარ ძალებს, გამოცდილებას და კვალიფიკაციას გააერთიანებენ. ოპაააა... დავუშვათ, გააერთიანეს და ზედ მარილიც მოაყარეს, მერე? არაფერი, სულაც ერთმანეთს რომ გადაეფსკვნან, 2 პროცენტიც არ გამოვა. არავითარი ლიდერთა საბჭო არ არსებობს, ესენი არიან წაგებით განაწყენებული ადამიანები, რომლებიც იფურთხებიან და იგინებიან, სადაც კი მომენტი ჩაუვარდებათ. თუ ესენი მაინც იფიქრებენ ქაოსზე, არეულობასა და რევოლუციის მსგავსი პროვოკაციის მოწყობაზე, სამუდამოდ დასამარდებიან ჩვენი მოსახლეობის თვალში. ვიმეორებ: არ გამოვა-მეთქი მაი ამბავი იმ ე.წ. ლიდერებისგან, რომელთათვისაც გუშინ ერთმანეთის არსებობაც კი მიუღებელი იყო - მაგალითად, უსუფაშვილისთვის ბურჯანაძე რუსეთუმე გახლდათ, ნათელაშვილისთვის - კუკავა და მისთანები, გაყიდულები. ვინ არიან ბაჩუკი ქარდავა და პაატა დავითაია, ვის დაჰკარგვიან, ვინ რას ეკითხება საერთოდ? მაგათი მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვა არსად!
ახლა კი, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ამონარიდები ოპოზიციონერთა გამოსვლებიდან. როგორც ჩანს, ესენი ვერასოდეს ისწავლიან ჭკუას:
კოტე იოსელიანი: "ზალიკო, თბილისის ხელიდან გაშვებული შანსი! მთავარი იწყება დღეიდან"!
ზაალ უდუმაშვილი: "ნამდვილად ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის, ეს რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა".
გრიგოლ ვაშაძე: "ამ ვითომ წინასაარჩვენო კამპანიით და ვითომ არჩევნებით "ქართულმა ოცნებამ", რომელიც არ ქართულია და არც ოცნება არ არის, ლეგიტიმაციის უკანასკნელი ნატამალიც კი დაკარგა და აუცილებლად ვნახავ იმ დღეს, როდესაც ხალხი მათ ფეხებით გამოათრევს იმ კაბინეტებიდან, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი და მორალური საფუძველის გარეშე იკავებენ".
გიორგი ვაშაძე: "ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ შედეგი დავდეთ ამ არჩევნებზე, ამ შედეგს ხელიდან არ გავუშვებთ და უფრო მეტად გავიმარჯვებთ. მე ერთი რამე ვიცი, რომ ყველაზე ინტელექტუალურმა ნაწილმა დევანდელ საზოგადოებაში ჩვენ დაგვიჭირა მხარი, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ხვალ და ზეგ აპირებს ჩვენთვის მხარდაჭერას. ჩვენ ვართ მომავლის ძალა".
ნინო ბურჯანაძე: "ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი, მან ჩვენი ხმები მოიპარა. ჩემ წასვლას და არჩევნებში "და სხვებში" მოხსენიების მიუხედავად, მე არ წავალ პოლიტიკიდან... ვერ ეღირსებით... ბიძინა ივანიშვილო, არ შეგარჩენ ჩემი თანაგუნდელების ცრემლებს და ხალხის შეურაცხყოფას"!
ჰოოო... რაკი კოტიკო იოსელიანმა თქვა, ახლა იწყება თავდავიწყებაო, ესე იგი, ეგრეა. მე ვიცი, რაც იწყება: თუ ზალა დარჩება პოლიტიკაში, ნაადრევად გასძვრება სული და აღმოჩნდება პაატა ბურჭულაძის მდგომარეობაში. თუმცა უკვე აღმოჩნდა. მისთვის უკეთესია, დაუბრუნდეს "რუსთავი 2"-ს და იქიდან აფრქვიოს "ობიექტური" აზრები. სანამ ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშისთვის გადაუციათ, პაწა კიდევ მოასწრებს ბოღმის ამოღებას გულიდან!
გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის მოქალაქე და გაუგებარი არსება იმუქრება, ხალხი ფეხებით გამოგათრევთ კაბინეტებიდანო. ჰოოო... ეს არც ისეთი კეთილი ბაბუა ყოფილა, როგორც თავს გვაჩვენებდა, თუ დასჭირდა, ფეხებით ჩამოჰკიდებს ოპონენტებს!
გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, ჩვენ ინტელექტუალებმა მოგვცეს ხმა და მომავლის პარტია გახლავართო. რას იზამ, ეტყობა, საქართველოში 1 პროცენტზე მეტი ინტელექტუალი არ არსებობს. თუ მომავლისა ხარ, მაშინ მომავალში მოგცემთ ხმას, ბატონო ვაშაძევ. ეს ადამიანი ისე აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს მოსახლეობას, თვითონაც ვერ ხვდება. მომავლის პარტია და ინტელექტუალი არა, იხვის ტოლმა!
ნინო ბურჯანაძე - რა პრეტენზიები აქვს? მას ხომ საერთოდ არ ჩაუტარებია საარჩევნო კამპანია, ის ხომ საერთოდ არ გამოსულა თავის კაბინეტიდან? რატომ გველაპარაკებოდა მხოლოდ ტელევიზორიდან? რამდენიმე ჭკვიანმა ადამიანმა დაუწერა სოციალურ ქსელებში, თქვენც რომ გეყარათ კენჭი საკრებულოში ან მერად, უფრო საინტერესო გახდებოდა პოლიტიკა და შეიძლება მეტი ხმებიც მოგეზიდათო. უთუოდ ეგრე იქნებოდა, მაგრამ არ გაერია ქალბატონი ბურჯანაძე ხალხში, ტელევიზორით ამჯობინა ლექციების კითხვა და აი, შედეგიც. ახლა ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, არ შეგარჩენო. კარგი, რააა... იქნებ დაჯდე და ცოტა ხანს იფიქრო, რომ ხმები ასე არ ცვივა ციდან!
დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე: რევოლუციის მოყვარულებს უნდა გავუცრუო იმედი, რევოლუცია არ იქნება, ვერ იქნება და არც არის საჭირო - ოპოზიცია უნდა წავიდეს სახლში, დაჯდეს და გაანალიზოს, რატომ ჩაფლავდა და დაიბნა ბრინჯივით. ე.წ. ლიდერებმა ყველაფერი უნდა დააბრალონ საკუთარ თავს!
რევოლუცია არა, შაშა და კოლა!
გელა ზედელაშვილი